საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-14

   

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს. მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი საქართველოს 2005 წლიდან არ ჰყოლია.

ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ 3 ბრინჯაოს მედალი აიღეს, ხოლო საქართველომ - ოლიმპიური თამაშების ოთხი ლიცენზია მოიპოვა.

პრემიერმა სპორტის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა.
„ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საკმაოდ ძვირი დაუჯდა სახელმწიფოს, მაგრამ შევქმენით ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურა. მნიშვნელოვანი ობიექტები გაჩნდა სპორტსმენებისთვის. მინდა, განსხვავება დავანახო მოსახლეობას, როგორი გეგმა ჰქონდა წინა მთავრობას - მათი გეგმა იყო, პრივატიზებული, კერძო საკუთრებაში მყოფი სპორტული ობიექტების გარემონტება, რაც წყალში გადაყრილი მილიონები იქნებოდა. ჩვენ ეს მიდგომა აბსოლუტურად შევცვალეთ და თავიდან ავაშენეთ ულტრათანამედროვე, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი, საჩოგბურთო კომპლექსი და მოედნები. ჯამში, 12 ახალი სპორტული ობიექტი შეემატა სახელმწიფოს. აქაც ჩანს მიდგომებსა და პოლიტიკაში რეალური განსხვავება. სპორტის მიმართულებით, ბოლო 25 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა ამის ნახევარიც კი, რაც ჩვენ წელს გავაკეთეთ",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია, რათა თეთრის და შავის გარჩევა შეძლოს.

პრემიერს სპორტის განვითარების მხარდაჭერისთვის სპორტსმენების სახელით მადლობა გადაუხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა. ტარიელ ხეჩიკაშვილის ინფორმაციით, განათლების სამინისტროსთან ერთად, მთელი რიგი პროექტები ხორციელდება სასკოლო ასაკიდან სპორტის ხელმისაწვდომობის კუთხით, ასევე, მზადდება საკანონმდებლო ინიციატივები, რაც ხელს შეუწყობს სპორტში კერძო ინვესტიციების განხორციელებას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური