საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციასთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-11

2

მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ, ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციამ (CRCC) საქართველოს რკინიგზასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა - ხელმოწერის ცერემონიას პეკინში საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციის (CRCC) ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან ერთად თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებულ აქცენტს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე აკეთებს. მანვე ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოსა და საიმედო საერთაშორისო რეიტინგებზე და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

"ეს ჩემი პირველი ვიზიტია ჩინეთში, თუმცა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურდა სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების დინამიკა.მთავრობის წევრებმა ჩემი დავალებით გამართეს არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა. ჩვენთვის პრიორიტეტულია ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება და სერიოზულ აქცენტს ვაკეთებთ ეკონომიკაზე,"-აღნიშნა პრემიერმა შეხვედრაზე.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პერსპექტივებზე და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ინიციატივას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.

მხარეებმა ანაკლიის პორტის პროექტის შესახებაც ისაუბრეს. ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციამ გამოხატა დაინტერესება ანაკლიის პორტით.

ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების კუთხით. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში სტუმრობა არის გარანტი ერთობლივი პროექტების აქტიური განხორციელებისა.

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის განმარტებით, უმსხვილეს კომპანია CRCC-თან თანამშრომლობა საქართველოსთვის პრიორიტეტულია. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთთანამშრომლობით უკვე მიღწეული შედეგი, მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, კიდევ უფრო გააქტიურდება.

შეხვედრას ჩინეთის მხრიდან ჩინეთის განვითარების ბანკის წარმომადგენელიც დაესწრო. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას შეუძლია ჩინეთის განვითარების ბანკი საიმედო პარტნიორად განიხილოს.

კორპორაცია CRCC-ი 500 უმსხვილეს კომპანიას შორის მე-80 ადგილზეა მსოფლიოში კაპიტალის ბრუნვით, ხოლო კონტრაქტების რაოდენობით- მე-18 ადგილზე. კორპორაციის წლიური ბრუნვა 130 მილიარდ დოლარს აღემატება. CRCC-ი, რომელიც 1949 წლიდან ოპერირებს, ცნობილია იმით, რომ მშენებლობაში იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. კომპანიის მიერ აშენებულია 60 ათას კილომეტრზე მეტი გზა ჩინეთში, ყველაზე მაღალი რკინიგზა, ყველაზე დიდი თაღიანი ხიდი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური