საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-11

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელები დაესწრებიან - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელები დღეს პირადად მოიწვია. ფორუმი თბილისში 15-16 ოქტომბერს გაიმართება და მას მაღალი რანგის არაერთი სტუმარი დაესწრება, მათ შორის ჩინეთიდან.
პეკინში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მთავრობის დიდი ინტერესი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის საინიციატივო პროექტში-„ახალი აბრეშუმის გზა" მონაწილეობის შესახებ, რომლის მიზანიცაა თანამედროვე ეპოქაში ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით,ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა არის სატრანსპორტო სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ისტორიული ცენტრი, შესაფერისი ადგილია აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დიალოგისთვის.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველომ მიაღწია გარკვეულ შედეგებს ამ სტრატეგიის ფარგლებში. კერძოდ, განხორციელდა პირველი სატვირთო სარკინიგზო რეისი ჩინეთიდან საქართველოში, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა სარეკორდო დროში - ცხრა დღეში მაშინ, როცა იმავე მარშრუტით საზღვაო გადაზიდვას სჭირდება დაახლოებით 45-60 დღე.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური