საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-04

მესამე წელია ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ მედიის თავისუფლების კუთხით საქართველო პირველ ადგილზეა და რაც უნდა ილაპარაკონ ამ თემაზე ოპონენტებმა, ეს არის მხოლოდ საუბარი, შედეგი კი არის თავისუფალი მედია,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს მედია თავისუფალია სახელისუფლებო ზეწოლისგან. რაც შეეხება ტელევიზიებში გადაცემების დახურვის ფაქტს, მთავრობის მეთაურმა ტელეკომპანიების ხელმძღვანელების მხრიდან გადაწყვეტილებების უკეთ დასაბუთება ისურვა.
"თუნდაც ის, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ნებისმიერი კითხვა დაგვისვათ მთავრობის წევრებს და ამ სამი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია მედიაზე ზეწოლის არცერთ ფაქტს, ეს არის რეალობა. ამას სჭირდება აღიარება. რაც შეეხება ტელევიზიის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებებს გადაცემებთან დაკავშირებით, საჭიროა მეტი სიცხადე, დასაბუთება და ეს ალბათ უნდა მოკითხოთ შესაბამისი ტელევიზიების ხელმძღვანელებს,"- აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური