საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა ლიპარტელიანების ოჯახთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-27

მინდა გამოგიცხადოთ გულწრფელი სამძიმარი და თანადგომა, მიგულეთ თქვენ გვერდით, - ამ სიტყვებით მიმართა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიელი ტერორისტის ანდრეს ბრეივიკის მიერ მოკლული ქართველი გოგონას, თამთა ლიპარტელიანის მშობლებს.

ვიზიტის დასასრულს, ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად, ლიპარტელიანების ოჯახის წევრებს შეხვდა.

"მე მრავალი ინფორმაცია წამიკითხავს პრესით თქვენი ქალიშვილის შესახებ. ჩვენ ნორვეგიაში გავხსენით ადგილი, სადაც პატივს მივაგებთ გარდაცვლილთა ხსოვნას და ვიხსენებთ მათ, მათ შორის თქვენს ქალიშვილს. გმადლობთ, რომ გამონახეთ დრო შეხვედრისთვის, რათა ჩემი სამძიმარი პირადად გადმომეცა," - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

მანვე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრის ორგანიზებისთვის.

"პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს გამოვთქვი თქვენთან შეხვედრის სურვილი და პრემიერმა სწრაფად მოახდინა ამის ორგანიზება, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი," - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური