საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ერთობლივი პრესკონფერენცია ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-27

საქართველოს პროგრესი რეფორმების გზაზე აშკარაა და ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ამ გზის ერთგულია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც აამაღლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას და გააძლიერებს ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.
„არსებით პაკეტს ხელშესახები შედეგები მოაქვს. ჩვენ ჩავატარეთ გაერთიანებული წვრთნები. ნატო-ს მოკავშირე ქვეყნები, თავდაცვის მინისტრების დონეზე, აქტიურად მუშაობენ. ჩვენ ვხედავთ მეტად საქართველოს ნატოში და ნატო-ს - საქართველოში. ყველა ვალდებულება, რომელიც ერთად ავიღეთ, ჯეროვნად მიიწევს წინ. ყველა ეს მცდელობა ეხმარება საქართველოს ნატო-ს წევრობასთან დაახლოებაში. საქართველოს გააჩნია ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა წინ იმოძრაოს წევრობის გზაზე და თქვენ ამ ინსტრუმენტებს ეფექტურად იყენებთ. ევროატლანტიკური ინტეგრაცია მარტივი გზა არ არის, მას სჭირდება დრო, ძალისხმევა, რეალური ცვლილებების განხორციელება და საქართველოს მთავრობა ერთგულია ამ მიმართულებისა. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს რეფორმებს და ხაზს ვუსვამ თქვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. ნატო-ს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ნატო-ს იმედი", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა და აღნიშნა, რომ ნატო, რეფორმების გზაზე, საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.
საქართველოში სტუმრობისთვის ნატო-ს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს უელსის სამიტზე მიღებული არსებით ღონისძიებათა პაკეტის შეუფერხებლად განხორციელებას და აღნიშნეს, რომ ამის ნათელი დადასტურებაა ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ნატო-ს გენერალური მდივანი დღეს გახსნიან.
„მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნება მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, მეტიც, იგი იდგება რეგიონალური უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში. ცენტრი თავისი შინაარსითა და ფუნქციით ხელს შეუწყობს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას, მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ჯარისკაცების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
საუბარი ასევე შეეხო ვარშავის სამიტის სამზადისს და რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გენერალურ მდივანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და საქართველოს მიერ გადადგმული ცალმხრივი პრაგმატული, კონსტრუქციული ნაბიჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
პრემიერთან შეხვედრისას გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და მაღალი შეფასება მისცა ავღანეთში, ნატო-ს მისიებში მონაწილე ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური