საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-27

1   2

ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი მორიგი დადასტურებაა იმის, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობები და თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართულ პირისპირ შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოს ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და მიღწეული პროგრესი შეაფასეს. აღინიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ნატოს სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე.
პირისპირ გამართული შეხვედრიდან მხარეებმა გაფართოებულ შეხვედრაზე გადაინაცვლეს, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ნატო-ს გენერალური მდივანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური