საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-24

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

პრემიერი საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფოებს შორის მეგობრობასა და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაღრმავების იმედს გამოთქვამს.

„მინდა, დაგიდასტუროთ მზადყოფნა, რომ საქართველო ყოველთვის იქნება უკრაინის აქტიური მხარდამჭერი. სწორედ საერთო ძალისხმევითა და ურთიერთთანადგომით შევძლებთ, დავძლიოთ სირთულეები და მტკიცე ნაბიჯებით განვაგრძოთ სვლა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მსურს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გადმოგცეთ გულწრფელი მილოცვა უკრაინისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულთან დაკავშირებით", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვაში, რომელიც უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გაეგზავნათ.

 

უკრაინის პრეზიდენტს,

მის აღმატებულებას, ბატონ პეტრო პოროშენკოს


თქვენო აღმატებულებავ,

საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულთან დაკავშირებით, მინდა, თქვენ და უკრაინელ ხალხს გისურვოთ მშვიდობა და კეთილდღეობა.

ჩვენთვის ძალიან ფასეულია, რომ საქართველოსა და უკრაინას აკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც სოლიდარობისა და ურთიერთპატივისცემის ურყევ პრინციპებს ეფუძნება. ასევე უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი ხალხების მეგობრობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მტკიცე საფუძველია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელშეწყობით, ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

მინდა დაგიდასტუროთ მზადყოფნა, რომ საქართველო ყოველთვის იქნება უკრაინის აქტიური მხარდამჭერი. სწორედ საერთო ძალისხმევითა და ურთიერთთანადგომით შევძლებთ დავძლიოთ სირთულეები და მტკიცე ნაბიჯებით განვაგრძოთ სვლა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გადმოგცეთ გულწრფელი მილოცვა და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო.

პატივისცემით,

ირაკლი ღარიბაშვილი

 

უკრაინის პრემიერ-მინისტრს,

მის აღმატებულებას, ბატონ არსენი იაცენიუკს
თქვენო აღმატებულებავ,

გულითადად გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს - უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს და პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას.

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ტრადიციულ მეგობრობასა და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული მჭიდრო ურთიერთობები მომავალშიც ურყევ საფუძველს შექმნის ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისათვის.

მინდა დაგიდასტუროთ მზადყოფნა, რომ საქართველო ყოველთვის იქნება უკრაინის აქტიური მხარდამჭერი. სწორედ საერთო ძალისხმევითა და ურთიერთთანადგომით შევძლებთ გადავლახოთ სირთულეები და მტკიცე ნაბიჯებით განვაგრძოთ სვლა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

მსურს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გადმოგცეთ გულწრფელი მილოცვა უკრაინისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულთან დაკავშირებით.

პატივისცემით,

ირაკლი ღარიბაშვილი