საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გაცილება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-23

მჯერა, რომ სამშობლოში გამარჯვებულები დაბრუნდებით და კიდევ ერთხელ აღგვავსებთ სიამაყითა და დიდი სიხარულით,- ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ მორაგბეებს მიმართა. მთავრობის მეთაურმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების წინ უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბორჯღალოსნებს მსოფლიოს თასისთვის ბრძოლაში წარმატება უსურვა და რაგბის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა. მისი განცხადებით, 2017 წელს საქართველო უმასპინძლებს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს. ჩემპიონატის ფარგლებში ქვეყანაში მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც მომავალში კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სპორტის ამ სახეობის განვითარებას.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში რაგბი სულ უფრო განვითარდეს, რომ ხელშეწყობა გაიზარდოს. იცით, რომ ამოქმედდა რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამა. ფონდი „ქართუ" აგრძელებს დაფინანსებას და ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ჩართული ამ პროგრამაში. სწორედ ამ ერთიანი ძალისხმევით შევძელით ის, რომ უკვე 15 ახალი არენა ექნებათ მორაგბეებს. თქვენი დამსახურება არის ის, რომ ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების მანდატი საქართველომ წამოიღო. 2017 წელს ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს. მინდა გისურვოთ წარმატება, მჯერა რომ ღირსეულად წარმოაჩენთ ჩვენს ქვეყანას,"- მიმართა პრემიერმა მორაგბეებს.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს 19 სექტემბერს გამართავს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური