საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-14

1992 წლის 14 აგვისტო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. აფხაზეთის ომის იარები დღესაც მოუშუშებელია ქართველებისა და აფხაზებისთვის.

ჩვენმა ქვეყანამ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა - ამ ომმა საქართველოს საუკეთესო შვილები შეიწირა. პატივს მივაგებ ომის მსხვერპლთა და სამშობლოსთვის დაღუპული ჩვენი გმირების ნათელ ხსოვნას.

აფხაზეთის ომს ასობით ათასი ადამიანის დევნილობა მოჰყვა, რომელთაც უმძიმესი წლები გამოიარეს. მე ქედს ვიხრი მათი გამძლეობის წინაშე. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს დევნილთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად, მათთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად.

საქართველომ ამ ომით მძიმე გამოცდილება მიიღო. დღეს აღარა გვაქვს უფლება წამოვეგოთ პროვოკაციებს, რისკის ქვეშ დავაყენოთ ქვეყანა და ადამიანების ბედი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის ტრაგიკულ შეცდომებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღარ განმეორდეს ძმათამკვლელი ომი.

საქართველო არ შეწყვეტს ერთიანობისთვის ბრძოლას, მაგრამ ეს ბრძოლა იქნება მშვიდობიანი. ჩვენ არავინ გვყავს ერთმანეთზე ახლობელი - შეუძლებელია აფხაზ და ოს ძმებს ჩვენზე დიდი და გულწრფელი გულშემატკივარი ჰყავდეთ. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ და ერთად უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი