საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

თბილისს ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრები ესტუმრნენ ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-11

ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფები საქართველოში, როგორც ჩემი კარგი მეგობრისა და კოლეგის, ირაკლი ღარიბაშვილის სტუმარი, იმედი მაქვს, დღეს კარგი თამაში გველოდება, - ამის შესახებ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ტაავი რიივასმა განაცხადა, რომელიც რუმინელ კოლეგა ვიქტორ პონტასთან ერთად, თბილისს ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით ესტუმრა.

ესტონელ და რუმინელ კოლეგებს ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. სტუმრებმა ქართული ღვინოც დააგემოვნეს. საქართველოს, ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრები უეფა-ს სუპერთასის ფინალს დღეს ერთად დაესწრებიან.

ესტონეთის მთავრობის მეთაური "სევილიას" გულშემატკივრობს და დარწმუნებულია, რომ საინტერესო მატჩი შედგება.

"ძალიან კარგია, რომ საქართველო ასეთ მნიშვნელოვან მატჩს მასპინძლობს და მჯერა, ყველა ქართველი ამაყობს, რადგან საქართველო დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ჩვენ, რასაკვირველია, დღეს განვიხილავთ ორი ქვეყნის ურთიერთობებს და საღამოს ერთად ვუყურებთ მატჩს",- განაცხადა ტაავი რიივასმა.

დღევანდელ მატჩზე "ბარსელონას" უგულშემატკივრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, უეფა-ს სუპერთასის ფინალის ჩატარება თბილისში, საქართველოსადმი დიდი ნდობის დადასტურებაა.
"ეს არის საჩუქარი ფეხბურთის მოყვარულთათვის. დღეს თბილისში ჩამოვიდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების, ესტონეთსა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრები და დღევანდელ მატჩზე შემომიერთდებიან მე, როგორც მათ მეგობარს. ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა, ყველამ ერთად ვიხილოთ არაჩვეულებრივი თამაში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამ მატჩის ღირსეულად მასპინძლობისთვის, 20 მილიონი ლარი დქიხარჯა სტადიონის სრული რეაბილიტაციისთვის",- განაცხადა პრემიერმა და გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის მერს, დავით ნარმანიას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს, სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე კახა კალაძეს, ასევე ფეხბურთის ფედერაციას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სუპერთასის ფინალის თბილისში გამართვის გადაწყვეტილება 2 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილისა და მიშელ პლატინის შეხვედრისას დადასტურდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური