საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ოფიციალური ვახშამი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-10

პრეზიდენტმა პლატინიმ, როგორც ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ფეხბურთელმა, ძალიან კარგად იცის, როდის გააკეთოს სწორი ჩაწოდება, შესაბამის დროს,' ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ ბურთი ახლა საქართველოს ჩააწოდეთ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა UEFA-ს პრეზიდენტ მიშელ პლატინის და სუპერთასის მატჩის სტუმრებს, რომელთა პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ "ბარსელონასა" და "სევილიას" ათასობით გულშემატკივარს არა მხოლოდ ლამაზი მატჩის ნახვის, არამედ ევროპის გამარჯვების ნახვის შესაძლებლობა ექნება, რადგან ორი ესპანური გუნდი ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში ითამაშებს.
პრემიერს ეამაყება, რომ საქართველო, მოდერნიზებული სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურითა და სტუმართმოყვარეობით, სპორტული ღონისძიებებისთვის თანდათან სულ უფრო მიმზიდველი ხდება.
"გარწმუნებთ, UEFA-ს სუპერთასის მატჩის მაპინძლობა თბილისში, არის შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროპისთვის და აგზავნის ერთობის ძლიერ მესიჯს მთელს კონტინენტზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
UEFA-ს სუპერთასის მატჩის მაპინძლობაზე გაწეული ძალისხმევისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა UEFA-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ და აღნიშნა, რომ სტადიონი შესანიშნავ მდგომარეობაშია.
ოფიციალურ ვახშამს UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, "ბარსელონასა" და "სევილიას" პრეზიდენტები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური