საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-10

ნებისმიერი მოქალაქე, ვინც ქართული პოლიციის წინააღმდეგ, რაიმე ქმედებას განახორციელებს, კანონის შესაბამისად მკაცრად დაისჯება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციასთან მომხდარ ინცინდენტს, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები გიორგი კარბელაშვილი და გიორგი ბარამიძე მონაწილეობდნენ.

მთავრობის მეთაური მომხდარს გმობს და მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებები აღმაშფოთებელია.
"ეს არის პროვოკაცია, რომელიც დაგეგმა კარბელაშვილმა. საზოგადოებამ ნახა კადრები, როგორ შეურაცხყოფს საქართველოს პოლიციას ადამიანი, რომელიც არის ცნობილი ნარკომანი, კრიმინალი და თავზეხელაღებული, წლების განმავლობაში სააკაშვილის მონა. არ მინდოდა ამ სიტყვების გამოყენნება, მაგრამ. ისინი ამას იმსახურებენ, რადგან ჩემთვის აბსოლუტურად აღმაშფოთებელია ის, რაც ვნახე. პოლიცია მოიქცა პროფესიონალურსდ - დაიცვა საკუთარი ღირსება და მუნდირი და ასე გააგრძელონ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, არც ერთი ადამიანი არ დარჩება დაუსჯელი, ვინც კანონს დაარღვევს, იქნება ეს კარბელაშვილი, "ქართული ოცნების" დეპუტატი თუ მინისტრი.

"ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში - პროვოკატორებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ქართული პოლიციის სახელი შებღალონ, მათი ეს მცდელობა კრახით დასრულდება. ისინი დაისჯებიან სამაგალითოდ, იქნება ეს კარბელაშვილი თუ ბარამიძე, რომლებიც პირდაპირ პროვოცირებენ და იწვევენ ჩვენს პოლიციელებს. მინდა, მადლობა გადავუხადო პოლიციას, ასეთი ღირსეული და პროფესიონალური მოქცევისთვის და კიდევ ერთხელ აღვნიშნო - ყველა ასეთი ფაქტი ბოლომდე იქნება გამოძიებული და ყველა კანონდამრღვევი დაისჯება. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, სხვა შემთხვევაში ასეთ ბოდვებს და სისულელეებს არ მოიგონებდა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური