საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-06

მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, რომ საქართველო მიუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და ჩვენ ამ პოზიციის შეცვლას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო გასულ წელს ევროკავშირისა და მსოფლიოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული 15 სანქციიდან მხოლოდ ერთს მიუერთდა, რომელიც ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვას შეეხებოდა.

„ჩვენ იმავე მდგომარეობაში ვიმყოფებით და პრობლემა გვაქვს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და ამავეს ვითხოვთ დანარჩენი სახელმწიფოებისგან, რომ დაუწესონ სანქციები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში წარმოებულ პროდუქციას. ჩვენი არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე, ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა. სხვა სანქციებზე გასულ წელს მთავრობამ იმსჯელა და გადავწყვიტეთ, რომ არ ვაპირებთ, შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩება. ამისთვის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ძალიან უფრთხილდება იმ მონაპოვარს, მიღწეულ შედეგს, რომელიც რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის კუთხით არსებობს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მესამე წელია, დიალოგი მიმდინარეობს და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წინსვლა არსებობს.

„წლების წინ, სააკაშვილის გაუაზრებელი პოლიტიკის გამო გაწყვეტილი იყო ყოველგვარი დიალოგი და ჩვენს პროდუქციაზე დაწესებული იყო ემბარგო. ჩვენ კონსტრუქციული, პრაგმატული პოლიტიკით და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით რუსეთის ბაზრის ხელახლა გახსნა შევძელით და ამას ვაფასებთ. ვფიქრობ, ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, რადგან არავითარი სიახლე სანქციებზე მიერთებაში არ ყოფილა. ეს აჟიოტაჟი ხელოვნურად აგორებულს ჰგავს და ეჭვი არ მეპარება, რომ შიდა დესტრუქციულ ძალებს არ სურთ ურთიერთობების ნორმალიზება და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა. ჩვენი ინტერესი არის რუსეთთან ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა, ნდობის აღდგენის პროცესი, რომელიც უკვე დაიწყო. რა თქმა უნდა, ჩვენს ურთერთობებში მთავარ პრობლემად რჩება აფხაზეთი და სამაჩაბლო, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ დანარჩენ საკითხებში ჩვენ მივყვებით თანმიმდევრულად", - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაქსიმალურად აკონტროლებს ღვინისა და ყველა პროდუქციის ხარისხს, რომელიც რუსეთის ბაზარზე გადის და თუ იარსებებს კითხვები, მათ პასუხი გაეცემა.

მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და როგორც მოქალაქე, ყოველგვარი სამართლიანობის აღდგენის მომხრე ვარ, თუმცა, ვფიქრობ, ეს არის დავა ორ სუბიექტს შორის, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს „რუსთავი 2"-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს და მასში მთავრობის ჩართულობა და როლი ნულის ტოლია.
„ჩვენი მთავრობის გაცხადებული პოლიტიკაა მედიის მაქსიმალური ხელშეწყობა და ის, რომ საქართველოში არსებობდეს ძლიერი და თავისუფალი მედია. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი თავისუფალი მედიის განვითარებას. ყველამ ნახა ამ სამი წლის განმავლობაში, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით მედიას და ის დღეს აბსოლუტურად თავისუფალია. რაც შეეხება კონკრეტულ დავას, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მოვისმინე მედიით, რომ ქიბარ ხალვაში მიმართავს სასამართლოს, რათა თავისი დარღვეული უფლებები აღიდგინოს. ვერაფერს დავამატებ გარდა იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ქართული ვაზის 400-ზე მეტი და ქართული ხორბლის უძველესი აღდგენილი ჯიშები, - ჯიღაურას საკვლევ ბაზაზე მოყვანილი კულტურების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მიიღო.
მთავრობის მეთაურმა, სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან ერთად, ახლად გახსნილი ცენტრი დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გასულ წელს შეიქმნა და ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად, ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანი კვლევები მიმდინარეობს.
„თუკი რამ იყო შემორჩენილი, სააკაშვილის დროს ყველაფერი გაანადგურეს, ყოველგვარი კვლევები შეწყვეტილი იყო და სამეცნიერო დაწესებულება პრაქტიკულად განადგურებული იყო. ცენტრი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით შეიქმნა. ჯიღაურას ბაზაზე ჩამოყალიბდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სადაც წლების განმავლობაში უამრავი ქართული ჯიშის სხვადასხვა კულტურის აღდგენა განხორციელდა. პროექტი 2006 წელს, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით დაიწყო და შემდეგ, მთელი ბაზა, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაჯდა, სახელმწიფოს გადაეცა. სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მიმდინარეობს კვლევები ბევრი მიმართულებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცენტრი ჩვენს ფერმერებს დაეხმარება, სწორად დაგეგმონ მეურნეობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობა მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს ფერმერებს რეგიონებში, რომელთაც გამოყვანილი კულტურების ნერგები უფასოდ ურიგდებოდათ. სახელმწიფო ამჟამად ეხმარება კოოპერატივებს, რათა ქართული ენდემური ჯიშები მთელს საქართველოში გავრცელდეს.
„ჩვენ ვნახეთ ხორბლის ჯიშები, ასევე, ცენტრში 440 ვაზის ჯიშის აღდგენა მოხდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეროვნული საქმე და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს პროექტის განხორციელებისა და სახელმწიფოსთვის ჩუქებისთვის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა დღეს ასევე მიიღო ინფორმაცია რძის ტექნიკური რეგლამენტის რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში 1-ლი აგვისტოდან შევიდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, ეტიკეტირების წესის დარღვევის შემთხვევები უკვე მინიმუმამდეა დაყვანილი და სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს ბაზრის კონტროლს, რათა მომხმარებელთა უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური