საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-06

ქართული ვაზის 400-ზე მეტი და ქართული ხორბლის უძველესი აღდგენილი ჯიშები, - ჯიღაურას საკვლევ ბაზაზე მოყვანილი კულტურების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მიიღო.

მთავრობის მეთაურმა, სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან ერთად, ახლად გახსნილი ცენტრი დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გასულ წელს შეიქმნა და ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად, ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანი კვლევები მიმდინარეობს.

„თუკი რამ იყო შემორჩენილი, სააკაშვილის დროს ყველაფერი გაანადგურეს, ყოველგვარი კვლევები შეწყვეტილი იყო და სამეცნიერო დაწესებულება პრაქტიკულად განადგურებული იყო. ცენტრი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით შეიქმნა. ჯიღაურას ბაზაზე ჩამოყალიბდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სადაც წლების განმავლობაში უამრავი ქართული ჯიშის სხვადასხვა კულტურის აღდგენა განხორციელდა. პროექტი 2006 წელს, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით დაიწყო და შემდეგ, მთელი ბაზა, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაჯდა, სახელმწიფოს გადაეცა. სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მიმდინარეობს კვლევები ბევრი მიმართულებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცენტრი ჩვენს ფერმერებს დაეხმარება, სწორად დაგეგმონ მეურნეობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობა მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს ფერმერებს რეგიონებში, რომელთაც გამოყვანილი კულტურების ნერგები უფასოდ ურიგდებოდათ. სახელმწიფო ამჟამად ეხმარება კოოპერატივებს, რათა ქართული ენდემური ჯიშები მთელს საქართველოში გავრცელდეს.

„ჩვენ ვნახეთ ხორბლის ჯიშები, ასევე, ცენტრში 440 ვაზის ჯიშის აღდგენა მოხდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეროვნული საქმე და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს პროექტის განხორციელებისა და სახელმწიფოსთვის ჩუქებისთვის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა დღეს ასევე მიიღო ინფორმაცია რძის ტექნიკური რეგლამენტის რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში 1-ლი აგვისტოდან შევიდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, ეტიკეტირების წესის დარღვევის შემთხვევები უკვე მინიმუმამდეა დაყვანილი და სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს ბაზრის კონტროლს, რათა მომხმარებელთა უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური