საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ახალი მინისტრები წარადგინა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-01

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გახდა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კი კახი კახიშვილი უხელმძღვანელებს, - ახალი მინისტრები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გიორგი მღებრიშვილი იყო წარმატებული მინისტრი, რომელმაც სასჯელაღსრულების სისტემაში, სტრატეგიულად და შინაარსობრივად, რადიკალური რეფორმა განახორციელა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში აღმოიფხვრა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, წამება, სისასტიკე, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა, რომელიც წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა იყო.

„გოგამ გააუქმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მოხდა მსჯავრდებულთა კლასიფიკაცია რისკების მიხედვით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პირველად, სახელმწიფო ხარჯავს მილიონობით ლარს პატიმრების მკურნალობისთვის. გოგა არის ინოვაციური პროექტის ინიციატორი, ვგულისხმობ ელექტრონულ სამაჯურებს, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება პატიმრების მონიტორინგი შინაპატიმრობაში. ბატონი გოგა არის ორი შვილის მამა, წესიერებით გამორჩეული, პროფესიით სამართალმცოდნე და ამ სფეროში მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში იგი არაერთ, მათ შორის მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. გოგა არის ძლიერი მენეჯერი, კარგად იცნობს სისტემას და ზუსტად იცის, რა სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას და ჩვენს პოლიციელებს. დარწმუნებული ვარ, ის განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესს და ამ ამოცანას თავს წარმატებით გაართმევს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პროფესიით იურისტია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი მინისტრი, რომელიც წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორში მუშაობდა, ხოლო 2014 წლის ოქტომბრიდან სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე იყო. „ბატონი კახი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში და მას ყველა ძალიან კარგად ახასიათებს. მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა და ობიექტურმა ექსპერტმა", - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, კახი კახიშვილის დანიშვნა მინისტრად, არის მკაფიო გზავნილი, რომ სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გაიზრდება, სისტემა კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდება და სოზარ სუბარისა და გიორგი მღებრიშვილის მიერ დაწყებული რეფორმები ახალ ეტაპზე გადავა.

მთავრობის მეთაურმა ახალ მინისტრებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ უწყებები, რომლებიც მათ ჩაიბარეს, სამაგალითო იქნება.

ახალმა მინისტრებმა პრემიერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ეს მათთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური