საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიას ეროვნული დღესასწაული მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-31

შვეიცარია ჩვენთვის გამორჩეული ქვეყანა და ნამდვილი მეგობარი სახელმწიფოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვეიცარიას ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და შვეიცარიას საერთო ღირებულებები აქვთ.

„მართალია, შვეიცარია შედარებით პატარა ქვეყანაა, მაგრამ ის ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული სახელმწიფოა, მისი ქალაქები კი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხოდ არის აღიარებული. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შვეიცარია ოდითგანვე ცნობილია როგორც უდიდესი წვლილის შემტანი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო მადლიერება იმ უმნიშვნელოვანესი საშუამავლო როლისთვის, რომელსაც თქვენ, თქვენი თანათავმჯდომარეობით, ასრულებთ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობები მნიშვნელოვნად სცდება მხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერას და შვეიცარიას დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს განვითარებაში სხვადასხვა სფეროებში.
„დღეს შვეიცარია-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები აღმავლობის გზაზეა. 2014 წელს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 230 პროცენტით გაიზარდა. ჩვენი თანამშრომლობის ისტორია ცხადყოფს, რომ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო ნათელი მომავალი გველოდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული დღესასწაული განსაკუთრებით მიულოცა შვეიცარიის ელჩს საქართველოში, გიუნტერ ბეხლერს, რომელსაც საქმიანობის ვადა ეწურება და მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ყოველთვის სიხარულით გიმასპინძლებთ, როგორც სტუმარს და როგორც ნამდვილ მეგობარს", - მიმართა ელჩს პრემიერ-მინისტრმა.

შვეიცარიის ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია, იამაყოს ბოლო პერიოდის მიღწევებით. გიუნტერ ბეხლერმა ირაკლი ღარიბაშვილს საჩუქრად გადასცა წიგნი - Building Democracy.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური