საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

მარტოხელა პენსიონერებს საარსებო შემწეობები აღუდგებათ ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-30

მთავრობა საარსებო შემწეობებს აღუდგენს მარტოხელა პენსიონერებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების პროგრამის მიღმა დარჩნენ, - აღნიშნულ საკითხს მინისტრთა კაბინეტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მარტოხელა პენსიონერებს, კომპენსაციის სახით, ასევე აუნაზღაურდებათ თანხა, რომელიც უნდა მიეღოთ იმ თვეების განმავლობაში, როდესაც შემწეობის მიღება შეჩერებული ქონდათ.
მთავრობის მეთაურმა პროექტის მომზადებისთვის ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების ახალმა პროგრამამ, რომელიც მაისიდან დაიწყო, ხელისუფლებას საშუალება მისცა, მრავალსულიანი და მრავალშვილიანი ოჯახების საჭიროებები უფრო ნათლად დაენახა და გაეანალიზებინა.

„2012 წლიდან შეფასების მეთოდოლოგია არაერთხელ გაუმჯობესდა და ჯანდაცვის სამინისტრო მის კიდევ უფრო დახვეწაზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური