საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ჩიფსების საწარმო გახსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-29

დამზადებულია საქართველოში - ქართულ ბაზარზე დღეიდან ადგილობრივი ნედლეულით წარმოებული ჩიფსი FRIXX-ი გაიყიდება.

ახალი საწარმო, რომელიც 4 მილიონი ლარის ინვესტიციით შეიქმნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა განხორციელებული ინვესტიციის მნიშვნელობა.
პრემიერი მოხარულია, რომ ისეთი წარმატებული ბიზნესმენი, როგორიც ჟან-ფრედერიკ პაულსენია, საქართველოში ბიზნესს აფართოებს.

„ეს არის კიდევ ერთი ქართული წარმოება და წარწერა შეფუთვაზე - დამზადებულია საქართველოში, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ჟან-ფრედერიკ პაულსენი საქართველოში საცხოვრებლად გერმანიიდან გადმოვიდა. ეს არის ნათელი გზავნილი არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოელი ინვესტორებისთვის, ვინაიდან პაულსენების ოჯახი მთელს მსოფლიოში ცნობილია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, პაულსენების ოჯახის ინვესტიცია საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე მეტყველებს და სხვა ბიზნესმენებისთვის სერიოზული სტიმულის მიმცემი მაგალითია.

„ეს არის ყველაზე ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში აბსოლუტურად ჯანსაღი ბიზნესგარემოა. სხვა შემთხვევაში პაულსენების ოჯახი ინვესტიციებს საქართველოში არ განახორციელებდა. ისინი 15 წელია, შეყვარებულნი არიან საქართველოზე და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ჩვენ, სახელმწიფო და პაულსენების ოჯახი, ერთობლივად ვგეგმავთ, განვახორციელოთ სერიოზული ინვესტიცია მუხრანში, რათა აღვადგინოთ ის ისტორიული ძეგლები, რომლებიც საუკუნეებს ითვლის. ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია, რა განწყობები აქვს ბატონ პაულსენს და ნაკლებად საინტერესოა, რას ფიქრობენ ოპონენტები, ეს არის საქართველოსადმი ნდობის მაგალითი, რომელიც დღითიდღე იზრდება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ქარხნის გახსნის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

კატეგორიულად მიუღებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ე.წ ოპონენტებმა ხელოვნურად ატეხეს და სამწუხაროა, რომ მათ ამ ჟრიამულს პრეზიდენტიც შეუერთდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საბანკო ზედამხედველობის შესახებ კანონთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კანონში სრულად გათვალისწინებულია როგორც ევროკავშირის, ისე - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ყველა რეკომენდაცია. ამ თემაზე ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტს პირადად ესაუბრა.
„მართლაც ვერ ვხედავ ამ აჟიოტაჟის ვერავითარ საფუძველს. ეს არის აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული, აგორებული კამპანია, რომელიც აზიანებს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო კლიმატს და ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობის საკითხია. ამ ადამიანებს აბსოლუტურად არ ესმით, რა არის სახელმწიფო და მისი ინტერესები და არ აქვთ გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრებათ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ვგულისხმობ ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე ხელოვნურად ქმნის აჟიოტაჟს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მაგალითად დაასახელა პოლონეთის საბანკო სისტემა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს და აღნიშნა, რომ პოლონეთში, საბანკო ზედამხედველობის სააგენტო ცალკეა.
„მაქვს კითხვა ამ ადამიანების მიმართ, თუ პოლონეთის საბანკო სისტემა საუკეთესოა და ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც საუკეთესოა, მაშინ სად არის შეკითხვები?! ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური სპეკულაციები, რომ კიდევ ერთხელ დააზიანონ ბიზნესგარემო და დააფრთხონ ინვესტორები. ყველას მოვუწოდებ, დამშვიდდნენ და დაასრულონ აჟიოტაჟი. ეს არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის და არა ის, რა კანონს მივიღებთ. ჩვენ კანონებს ვიღებთ ქვეყნისთვის და არაფერს გავაკეთებთ სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. პაულსენების გადმოსვლა საქართველოში და მათი ინვესტიცია არის პასუხი ყველა იმ სკეპტიკოსზე, კრიტიკოსსა და უპასუხისმგებლო ადამიანზე, რომელიც ასე უცერემონიოდ საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ ვაზიანებთ ბიზნესგარემოს", - აღნიშნა პრემიერმა. 

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობა 1-ელ აგვისტომდე გახდება ცნობილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური