საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ვაჟაობა ჩარგალში ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-25

3

ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდა, - სიახლის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჩარგალში, ვაჟაობის დღესასწაულზე განაცხადა.
უკვე შექმნილია „ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭების საკითხების განმხილველი კომისია", რომელიც პრემიის მინიჭების პროცესს წარმართავს.
ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია - ოქროს მედალი და ფულადი ჯილდო, 10 000 ლარის ოდენობით, ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა.
პრემიერმა ვაჟაობა სრულიად საქართველოს მიულოცა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ქართველები სამართლიანად ვამაყობთ, რომ გვყავს მსოფლიო მნიშვნელობის შემოქმედი, ბუმბერაზი ადამიანი და მოაზროვნე, რომელიც ამ ეზოში გაიზარდა, ამ სივრცეში იქმნებოდა ვაჟას შესანიშნავი და გენიალური ნაწარმოებები. ვაჟა-ფშაველა ჯერ კიდევ ას წელზე მეტი ხნის წინ აფასებდა იმ ღირებულებებს, რისკენაც დღესაც ისწრაფვის კაცობრიობა. მჯერა, რომ ერი, რომელმაც ასეთი შვილი გაზარდა, იმ ღირებულებებით, იმ სულიერი სიმაღლით, რაც ვაჟა-ფშაველას ჰქონდა, აუცილებლად გადალახავს ყველა სირთულეს, აუცილებლად მოიპოვებს წარმატებას, გამარჯვებას და მიაღწევს საერთო ქართულ მიზანს - ჩვენი ქვეყნისა და ერის გამთლიანებას. ვაჟა-ფშაველა თავად იყო ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულად და ევროპულად მოაზროვნე კაცი და მისი მაგალითიც საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ საერთო ღირებულებები და მისწრაფებები გვაქვს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ იდეა, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის დაწესების შესახებ, რომელიც ვაჟაობის დღესასწაულზე პირველად ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა, განხორციელებულია.
წელს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა. კონცერტი, სპორტული ღონისძიებები და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, ტრადიციულად, ვაჟაობის სახალხო ზეიმის შემადგენელი ნაწილები იყო. ღონისძიების დასასრულს, მთავრობის მეთაური ჩარგალში ახალი ხიდის გახსნას დაესწრო, რომელიც სოფელს ეკლესიასთან აკავშირებს. ადგილობრივებმა პრემიერს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, მდინარეზე გადასასვლელის არარსებობა წლების განმავლობაში პრობლემებს უქმნიდათ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური