საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ახალი თბოელექტროსადგურის დათვალიერება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-22

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახლადგახსნილი გარდაბნის თბოელექტროსადგური-ორთქლის ტურბინის შენობა, ელექტრო ქვესადგურისა და ტრანსფორმატორების ზონები და ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა.
"ეს პროექტი არის წარმატებული მაგალითი საქრთველო-თურქეთის თანამშრომლობის და მეგობრობის. მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთის ენერგეტიკის მინისტრს, რომელიც სტუმრად იმყოფება საქარათველოში. სულ რამდენიმე მეტრის იქეთ თქვენ ხედავთ ძველ ქვესადგურს, რომელიც არის წარსული. ეს თბოელექტროსადგური კი არის მომავალი. ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გარდაბნის თბოსადგური პირველი მასშტაბური თბოელექტროსადგურია, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის „ჯენერალ ელეკტრიკის" უახლესი ტურბინებით. იგი წელიწადში 1,6 მილიარდ კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების ენერგო გარანტს წარმოადგენს. თბოელექტროსადგური აერთიანებს აირისა და ორთქლის ტურბოდანადგარებს ერთიან ტექნოლოგიურ ციკლში. გარდაბანში ამჟამად არსებული ენერგობლოკებისგან განსხვავებით, რომლებიც მუშაობენ ე.წ. სტრანდარტული ორთქლის ციკლით და რომელთა მარგი ქმედების კოეფიციენტი შეადგენს 27-35%, გარდაბნის თბოელექტროსადგურის შემთხვევაში 54%-ია.
გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მარგი ქმედების კოეფიციენტი საქართველოში არსებული ბუნებრივ აირზე მომუშავე სხვა თბოელექტროსადგურებისგან განსხვავებით თითქმის ორჯერ უფრო მაღალი და უფრო ეკონომიური იქნება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური