საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრმა ათლეტთა სოფელი დაათვალიერა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-20

მთავრობამ მოლაპარაკება აწარმოა ინვესტორთან და შეიძინა 8 კორპუსი დევნილებისთვის; ოლიმპიური ფესტივალის დასრულების შემდეგ ჩვენ გადავცემთ დევნილებს საცხოვრებელ ბინებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიური სოფლის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან მადლობა გადაუხადა "ჰუალინგ ჯგუფის" პრეზიდენტს მი ენხუას განხორციელებული პროექტისთვის და მას გამორჩეული ინვესტორი უწოდა.
"2007 წლიდან დღემდე ჩვენს ინვესტორს საქართველოში დახარჯული აქვს 500 მილიონ დოლარამდე. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნისთვის. გასულ წელს ყველაზე მსხვილი ინვესტორი სწორედ ბატონი მი ენხუა იყო. მინდა, მას მადლობა გადავუხადო ამ არაჩვეულებრივი კომპლექსის აშენებისთვის. ეს კომპლექსი მთლიანად აღჭურვილია ჩვენი ინვესტორის კომპანიების მიერ. ავეჯის ნაწილი წარმოებულია საქართველოში, ქუთაისის ფაბრიკაში, ნაწილი შემოტანილია. ასევე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი, კვების ობიექტი, სპორტული კომპლექსი, აუზი აშენებულია ჩვენი ინვესტორის მიერ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მის ინვესტიციას საქართველოში და მზად ვართ ხელი შევუწყოთ დამატებით სხვა პროექტების განსახორციელებლად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავის მხრივ, „ჰუალინგ ჯგუფის" პრეზიდენტმა მი ენხუამ საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა და პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერისთვის.
დროშის აღმართვით, ოლიმპიური ფიცის დადებით და სოფლის მერის წარდგენით, დღეს ოლიმპიური სოფელი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ათლეტების საცხოვრებელი ბინები, სოფლის სასადილო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი და ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო დაათვალიერა.
ოლიმპიური სოფელი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 50 000 კვ.მ ფართობზეა გაშენებული. პროექტის სამშენებლო სამუშაოები ჩინურმა კომპანია "ჰუალინგ ჯგუფმა" განახორციელა. კომპლექსი აერთიანებს 9 საცხოვრებელ კორპუსს, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, რესტორანსა და რეკრეაციულ ზონას.
ათლეტების სოფელში 4 000-მდე სპორტსმენი და ოფიციალური პირი იცხოვრებს. ფესტივალის მსვლელობის დროს ოლიმპიურ სოფელში ყოველდღე გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური