საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პირველად, სახელმწიფო ხარჯავს მილიონებს პატიმრების მკურნალობისთვის ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-16

 

ჩვენ უნდა ვიზრუნოთ არა მხოლოდ გარეთ მყოფ ადამიანებზე, არამედ პატიმრებზეც, ეს არის სწორი და სახელმწიფოებრივი მიდგომა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა რევოლუციური უწოდა რუსთავის #16 განახლებულ დაწესებულებას და მადლობა გადაუხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციიის მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, სისტემის ყოფილ მინისტრ სოზარ სუბარს, რომლის დროსაც, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, რეფორმები დაიწყო.
„ყველას კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო ციხეებში - ადამიანების წამება, გაუპატიურება და მკვლელობა და არავითარი ზრუნვა მათზე. პირველად, სახელმწიფო ხარჯავს მილიონებს პატიმრების მკურნალობისთვის. გასულ წლებში, გაურემონტებელ, საშინელ მდგომარეობაში მყოფ ციხეებში ერთ ოთახში 40-მდე პატიმარი იყო, ცოტა მოზრდილში - 150. დღეს ყველას შეუძლია, დაინახოს სხვაობა. რუსთავის დაწესებულებაში არის თანამედროვე საავადმყოფო, სპორტული მოედნები, ბიბლიოთეკა და მთელი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც პატიმრებს მოემსახურება. ჩვენ პირველად რევოლუციური მიდგომა განვავითარეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მოხდა მსჯავრდებულთა კლასიფიკაცია რისკების მიხედვით. რუსთავის დაწესებულებაში არიან ნაკლებად საშიში პატიმრები და ისინი, რომლებმაც დაამტკიცეს რომ გამოსწორების გზაზე არიან. ეს იქნება მოტივაცია სხვა პატიმრებისთვის, რომ ისინიც მოხვდნენ ამ დაწესებულებებში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე იხუმრა, რომ ციხეს ერთი ნაკლი აქვს - მას მიხეილ სააკაშვილი აკლია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური