საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერის მილოცვა ფრანგ ხალხს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-14

ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ, რომ საფრანგეთსა და საქართველოს შორის ტრადიციული საუკეთესო ურთიერთობა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მრავალფეროვანი, დინამიური და ეფექტური გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა ყველა სფეროში; ერთობლივ ძალისხმევას ბევრის გაკეთება შეუძლია,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ფრანგ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და ორი ქვეყნის ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ეს საღამო განსაკუთრებული მომენტია, როცა ჩვენი ერთობა და მეგობრობა შეგვიძლია ერთად ვიზეიმოთ. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო ეს დღესასწაული საქართველოში მცხოვრებ ფრანგებს. დარწმუნებული ვარ ხვდებით, რომ ღვინისა და ვაზის უძველესი კულტურა და ტრადიცია არ გახლავთ ერთადერთი სიმბოლო, რაც ჩვენ გვაერთიანებს. თქვენ თავადვე გრძნობთ, როგორ უყვართ საქართველოში თქვენი ქვეყანა, როგორი გატაცებითა და სიყვარულით საუბრობენ თქვენი მშვენიერი ქვეყნის ისტორიაზე, კულტურასა და ლიტერატურაზე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ელჩს და ფრანგული ინსტიტუტის გუნდს, ფრანკოფონიის გაძლიერების მიზნით შემუშავებული არაჩვეულებრივი პროგრამებისთვის,"-აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

მანვე ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს და ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.
„ჩვენ მადლიერნი ვართ საფრანგეთის, როგორც ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორისა იმ განუხრელი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის იჩენს ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სამხედრო სფეროებში. ჩვენი ჯარისკაცები ფრანგი სამხედროების გვერდით იცავენ საერთაშორისო უსაფრთხოებას აფრიკის კონტინენტზე. ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებისა და განვითარების სერიოზული გეგმები გვაქვს. განსაკუთრებით მახარებს ახალი ფრანგული სასტუმროსა თუ საწარმოების გახსნა ჩვენს ქვეყანაში,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას მთავრობისა და პარლამენტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური