საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-14

ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დადგმა, შეიძლება შეფასდეს, როგორც პროვოკაცია და აბსოლუტურად გაუმართლებელი, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ განვაცხადეთ და სამი წლის განმავლობაში ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, რომ ნამდვილად გვსურს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თემის კომენტირებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სურვილია დიალოგის და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით ურთიერთობის დარეგულირება და იმ პროცესების დაწყება, რასაც ჰქვია დეოკუპაცია და ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენა.

პრემიერი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მთავრობამ იცის, რა უნდა გააკეთოს, იყენებს ყველა საერთაშორისო ბერკეტს და ამ გზას თანმიმდევრულად მიჰყვება.
„ჩვენ საპასუხოდ ვხედავთ ასეთ პროვოკაციას, რომელიც აბსოლუტურად გაუმართლებელია. ვიმედოვნებ, რუსეთის ხელისუფლება დაინტერესდება ამგვარი პროვოკაციებით და ეს პროცესი შეჩერდება, ვინაიდან ეს არც ერთ მხარეს არ წაადგება. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს განვავითაროთ კონსტრუქციული, პრაგმატული ურთიერთობები და დავარეგულიროთ დიალოგის გზით, მაგრამ პრინციპულები დავრჩებით ისეთ საკითხებში, რომელიც ეხება ჩვენს ტერიტორიებს - ჩვენს აფხაზეთს და ჩვენს სამაჩაბლოს. მინდა, ყველას მოგიწოდოთ სიმშვიდისკენ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და ვიყენებთ და გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ბერკეტს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ობიექტია ნავთობსადენიც და ამ საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე საქართველო მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად იმუშავებს.
რაც შეეხება აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის გაფართოებას, პრემიერმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი რამ არ იგეგმება.

„ის ფორმატი რაც გვაქვს, დარჩება, მეორე არის ჟენევის ფორმატი. შესაბამისად, ამ ეტაპზე რაიმე ფორმატის გადახედვას ან გაფართოებას არ ვაპირებთ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური