საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

სამუშაო ვახშამი ჩრდილოეთ ამერიკის ებრაელთა ფედერაციების წარმომადგენელთა დელეგაციასთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-14

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩრდილოეთ ამერიკის ებრაელთა ფედერაციების წარმომადგენელთა დელეგაციას სამუშაო ვახშამზე შეხვდა. მთავრობის მეთაურმა კმაყოფილება გამოთქვა დელეგაციის ვიზიტის გამო და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან- ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელთან ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა.
„ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული მოკავშირე. ჩვენი სახელმწიფოების ორმხრივ ვალდებულებებში ჩადებული თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები შეადგენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მტკიცე პარტნიორობის ურყევ საფუძველს. მიმდინარე ორმხრივი სტრატეგიული დიალოგის გაღრმავება არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ამ კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვანია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში ჩატარებული სამუშაო და ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ სწრაფ წინსვლას თანამშრომლობის ყველა სფეროში...ასევე ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ისრაელს შორის ისტორიულად ყოველთვის გამორჩეული იყო. უფრო მეტიც, საქართველოში მცხოვრებ ებრაელთა ისტორია არის მტკიცე მხარდაჭერისა და ურყევი მეგობრობის ისტორია. შარშან ჩვენ აღვნიშნეთ ჩვენი ერების მეგობრობის 2600 წელი. ამ იუბილეს ფარგლებში ჩვენ დავასრულეთ საქართველოში ებრაელთა ისტორიის დავით ბააზოვის სახელობის მუზეუმის რეაბილიტაცია, რაც არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ დელეგაციის წევრები შინ დაბრუნების შემდეგ, მეგობრებს საქართველოს შესახებ მოუყვებიან.
„გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენ დარწმუნდებით, როგორი მშვენიერი ქვეყანაა საქართველო, თუ რამდენად ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელთან და რამხელა პოტენციალი გვაქვს, რათა გავხდეთ დემოკრატიის, თავისუფლებისა და პროგრესის ბასტიონი ჩვენს რთულ რეგიონში,"-აღნიშნა პრემიერმა.
ჩრდილოეთ ამერიკის ებრაელთა ფედერაციების წარმომადგენელთა დელეგაციის წევრებმა პრემიერ-მინისტრს სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური