საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საჯარო სამსახურის რეფორმა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-03

ჩვენ უნდა შევქმნათ პროფესიული საჯარო სამსახური, რომელიც დაფუძნებული იქნება კარიერულ წინსვლაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კანონპროექტს, საჯარო სამსახურის რეფორმის შესახებ, მინისტრთა კაბინეტი დღეს განიხილავს და ის პარლამენტს განსახილველად უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ახალი ხელისუფლების პირობებში დაიწყო, ბოლომდე მივა.

„წინა ხელისუფლების დროს, ადამიანთა დაწინაურება ხდებოდა მხოლოდ პოლიტიკური და არა - პროფესიული ნიშნით. ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ",- განაცხადა პრემიერმა და გაწეული სამუშაოსთვის საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელ ეკა ქარდავას და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს მაია ცქიტიშვილს მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურმა ასევე მადლიერებით აღნიშნა ევროკავშირის, სიგმას, USAID-ის როლი კანონპროექტის მომზადების საქმეში და განაცხადა, რომ ხელისუფლება ვადაზე ადრე შეასრულებს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რომელიც საჯარო სამსახურის რეფორმას გულისხმობს.

„ეს იქნება უპრეცენდენტო და რევოლუციური რეფორმა. სისტემა ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდება და შეიქმნება სერიოზული, პროფესიული, ევროპული, თანამედროვე, ცივილიზებული საჯარო სამსახური", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური