საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-03

საქართველო ყველაფერს აკეთებს უპირველეს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს და აშშ-ს კონგრესში საქართველოს საკითხის გააქტიურების გზებს. გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე.
მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების თემებზეც ისაუბრეს. აღინიშნა სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს აშშ-ის დახმარებისა და ურყევი მხარდაჭერისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე იმ ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებს საქართველოსთან მიმართებით.

ამერიკის კონგრესის დელეგაციას კონგრესმენი პიტერ როსკამი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არის კონგრესმენები: დეივიდ პრაისი, ტომ რაისი, რობ ვუდალი, დინა ტიტუსი და ლუიზ კეფსი.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური