საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა საქართველოს მთავრობის სპეციალურ მრჩეველთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-25

საქართველოში მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმები განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში საქართველოს მთავრობის სპეციალური მრჩევლის, მაიკლ ო'ბოილის სამუშაო შეხვედრაზე. მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და სამოქმედო გეგმა დასახეს.
„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მიზანი იყო ჩემი მანდატის სამოქმედო არეალის ზუსტი განსაზღვრა. როგორც იცით, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მთხოვა ვყოფილიყავი საქართველოს მთავრობის მრჩეველი ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის საკითხებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მანდატი. მე უკვე მქონდა შეხვედრა სხვადასხვა უწყებების წარმომადგენელებთან. საკითხები, რომლებზეც ვიმუშავებ იქნება კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების რეფორმა, პროკურატურის რეფორმა და შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმაც შევიდეს ჩემი მანდატის ქვეშ," - განაცხადა მაიკლ ო'ბოილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებში და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე დაესწრო.
მაიკლ ო'ბოილი საქართველოს მთავრობის სპეციალურ მრჩევლად ადამიანის უფლებებში და კანონის უზენაესობის საკითხებში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევითა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წარდგინებით დაინიშნა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური