საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საგანგებო შტაბის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-20

მოხალისეების შედარებით მსუბუქ ობიექტებზე გადანაწილების გეგმა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები განიხილეს საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა მოხალისეებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა და ინფორმაცია, მათი გადაყვანის შესახებ, შტაბის წევრებისგან მოისმინა.
„მოხალისეების ჩართულობამ სულ სხვა მუხტი შექმნა, თუმცა რისკები მატულობს და ჩვენ ძალიან ვნერვიულობთ ახალგაზრდებზე. სიცხეებია, მძიმე სამუშაო. ხუთი დღის განმავლობაში მათ ძალიან მაგრად იმუშავეს, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ამინდის ცვლილებითაც დაინტერესდა, თუმცა, როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა განმარტა, უამინდობას სერიოზული პრობლემები არ გამოუწვევია.
მთავრობის მეთაურმა ასევე თბილისის მერისგან მოისმინა ინფორმაცია გზის აღდგენასა და სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის ბინებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

დავით ნარმანიას ინფორმაციით, სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით, მოკლევადიან პერიოდში, გზის გამაგრებითი სამუშაოები და ჩაწყვეტილი ნაწილის აღდგენა განხორციელდება, ხოლო გრძელვადიანი გეგმით, ვერეს ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა იგეგმება.
რაც შეეხება დაზარალებულ ოჯახებს, დედაქალაქის მერის ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან გაყვანილი 110 ოჯახიდან, უმეტესობა, სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, დაბრუნებას შეძლებს, ხოლო 10-მდე ოჯახი, რომელთა სახლები აღდგენას არ ექვემდებარება, ან რისკის ზონაში მდებარეობს, განსახლების გეგმაში მოექცევა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური