საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა დღის განმავლობაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-19

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე დღის განმავლობაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამა. მისი თქმით, დაპირებისამებრ, შექმნილია სახელმწიფო კომისია, ხვალიდან კი თემატური ჯგუფები შეუდგებიან მუშაობას.
„ჩვენთვის ყველაზე მთავარია, გადავწყვიტოთ, რას ვუპირებთ იმ გზას, რომელიც დაზიანდა. გრძლევადიან პერსპექტივაში უნდა დავსახოთ გეგმები. მოგვიწევს მთელი ხეობის გადაგეგმარება. მნიშვნელოვანია სპეციალისტების აზრი. ახლა მთავარია გამჭირვალობა და ყველას ჩართულობა. უცხოელი ექსპერტები არიან ჩართულები. კიდევ მოვიწვევთ ცნობილი კომპანიების წარმომადგენლებს, რომ კიდევ რაიმე შეცდომა არ გაგვეპაროს. ამ პრობლემის გადაჭრა ვერცერთმა მთავრობამ ვერ შეძლო, ასე რომ ჩვენ ვართ ვალდებულები, რომ პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ, რომ მომავალ თაობას არ დავუტოვოთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, პირველი რიგის ამოცანაა შეტყობინების სისტემის დამონტაჟება და რაზეც გარემოს დაცვის სამინსიტრო უკვე მუშაობს.
„ასევე დავიწყებთ ნალექის მზომი მოწყობილობის დამონტაჟებას. თბილისის მერიას უკვე დაწყებული აქვს მოსახლეობის განსახლებაზე მუშაობა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და აქედან გამოვიდეთ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს,"-აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სამუშაოები სტიქიით დაზარალებულ ყველა უბანზე აქტიურად გრძელდება. მზიურში, სადაც სპეციალური განათებაა დამონტაჟებული სამუშაოები ღამითაც არ წყდება. მაშველები და მოხალისეები უზრუნველყოფილი არიან საკვებით და სასმელი წყლით. ტერიტორიაზე განთავსებულია სამედიცინო პუნქტები საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოსაჩენად. ბაგებში კოლექტორის თავზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. დილიდან დაიწყო საინჟინრო სამუშაოები. მზადდება სპეციალური მოედანი, საიდანაც შესაბამისი ტექნიკის მეშვეობით მოხდება კოლექტორზე ბეტონის დასხმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხვალიდან შემაჯამებელი ბრიფინგები აღარ გაიმართება, მიმდინარე სამუშაობის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას საგანგებო შტაბის პრესსამსახური მიაწვდის. მანვე მოუწოდა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს მინდია ჯანელიძეს, ორშაბათამდე წარმოადგინოს დარჩენილი სამუშაოების დასრულების ვადები.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური