საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-19

თბილისში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას, არის მსხვერპლი, რაც უდიდესი ტრაგედია და აუნაზღაურებელი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისთვის,-საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე დედაქალაქში მომხდარ სტიქიაზე ისაუბრა. მისი თქმით, სტიქიამ დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას.

"ქვეყნის დედაქალაქის ინფრასტრუქტურას მიადგა დიდი მატერიალური ზარალი: დანგრეულია გზები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სტიქიის დღიდანვე ვგრძნობთ ჩვენი მეგობრების მორალურ თანადგომასა და მატერიალური დახმარების დიდ სურვილს, რაც კიდევ უფრო გვამხნევებს და ძალას გვმატებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამოხატა და მხარში ამოგვიდგა ამ ტრაგიკული მოვლენების დროს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გათვალისწინებული იყო კულტურული ღონისძიებების გამართვა, თუმცა მომხდარი სტიქიური უბედურების გამო ის აღარ გაიმართება.
მთავრობის მეთაურმა ფორუმის მონაწილეებს საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. მისი თქმით, მიუხედავად მნიშვნელოვანი საგარეო შოკებისა, დღეის მდგომარეობით საქართველოში შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებულია ბიზნესგარემო.

"საქართველომ დიდი გზა გაიარა საბაზრო ეკონომიკის პრინციპების კიდევ უფრო განვითარების, დემოკრატიისა და პლურალიზმის განმტკიცების კუთხით.
აღსანიშნავია საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში გაწეული ის სამუშაო, რომლის საფუძველზეც ხელი მოეწერა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას, რაც თავის მხრივ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროპული ინტეგრაციისკენ. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელიც ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია, კარგ პერსპექტივას უქმნის ქართულ ბიზნესს ჩართულობის, ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ჩვენი მიზანია ბიზნესის ხელშეწყობისა და კერძო სექტორის გაფართოების გზით ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და ცხოვრების დონის ამაღლებას, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს საერთო ევროპულ ოჯახს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და
როგორც აღნიშნა, ის, რომ ეს ღონისძიება სწორედ საქართველოში იმართება, მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ბანკისთვის, რადგან სწორედ აქ, თბილისში, 1994 წელს 11-მა სახელმწიფომ ხელი მოაწერა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) სადამფუძნებლო შეთანხმებას.

"ბანკი, რომლის ძირითადი მიზანია დაეხმაროს წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, მისი საქმიანობის დაწყებიდან წარმატებულად ფუნქციონირებს და მან უკვე მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა წევრ ქვეყნებში. მათ შორის არის საქართველოც. ბანკის საკრედიტო ხაზებით სარგებლობენ საქართველოში არსებული ფინანსური ინსტიტუტები, კერძოდ, ბანკს გაფორმებული აქვს 123 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების 24 პროექტი, მათ შორის 11 მიმდინარეა და მათი ჯამური ღირებულება დაახლოებით 65 მილიონ ევროს შეადგენს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ბანკთან თანამშრომლობას. გამოვთქვამ იმედს, რომ დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი საშუალება იქნება ჩვენს ქვეყანაში ბანკის პორტფელის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით, აგრეთვე რეგიონალური პროექტებისა და პროგრამების დაფინანსების კუთხით. ამასთან, იგი ხელს შეუწყობს წევრ სახელმწიფოებთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თავის მხრივ, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ისან უგურ დელიკანლიმ მწუხარება გამოთქვა თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო და მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას არსებულ კრიზისულ სიტუაციაში ღონისძიების გამართვის ხელშეწყობისთვის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური