საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ჩვენ ყოველდღე გვესმის გმირობის ახალი ისტორიები ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-18

 

ჩვენ ყოველდღე გვესმის გმირობის ახალი ისტორიები, ყოველდღე ვახდენთ ახალი გმირების გამოვლენას, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომა დღეს 24 წლის გიორგი ლომიძეზე საუბრით დაიწყო, რომელიც ორი წელია, ტაქსის მძღოლად მუშაობს, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში მგზავრებს უფასოდ ემსახურება.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ის არის გამორჩეული ახალგაზრდა, რომელსაც დაფასება სჭირდება.
„ვფიქრობ, ეს 24 წლის ახალგაზრდა უკვე გამორჩეული ადამიანია. ჩვენ უნდა ვეძიოთ ასეთი ადამიანები, გამოვარჩიოთ საზოგადოებისგან. ვფიქრობ, ამ ახალგაზრდა კაცს, სტიქიის დასრულებისთანავე, თქვენ სამსახურიც უნდა მოუძებნოთ", - მიმართა პრემიერმა თბილისის მერს.
ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ის გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც ამ დღეების განმავლობაში საზოგადოებას თავი გმირობით დაამახსოვრეს, უნდა იყვნენ წარდგენილნი შესაბამის ჯილდოზე.
პრემიერ-მინისტრის სურვილია, პირადად შეხვდეს ამ ადამიანებს და მათ მთავრობის და მთელი ქვეყნის სახელით მადლობა გადაუხადოს.
„ეს არის უპრეცენდენტო სოლიდარობა ჩვენი საზოგადოების მხრიდან და მინდა, კიდევ ერთხელ მადლიერებით აღვნიშნო მათი აქტიურობა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური