საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

თუ ვინმე იქნება ზურაბ გურიელიძის დამცველი, ერთ–ერთი პირველი მე ვიქნები ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-17

   

თუ ვინმე იქნება ზურაბ გურიელიძის დამცველი, ერთ-ერთი პირველი მე ვიქნები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძეც ესწრება.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია გურიელიძის შესაძლო დაკავების შესახებ, არის სპეკულაცია და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
"მინდა ვუპასუხო სპეკულაციებს და გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, თითქოს ბატონი ზურას დაკავებას გეგმავს ხელისუფლება. ეს არის აბსურდი და ამაზე საუბარი არის პროვოკაცია, მცდელობა ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. მე დღეს აქ ვიხილე "ნაციონალრი მოძრაობის" წევრები, რომლებმაც რამდენიმე ათეული მოქალაქის მობილიზება შეძლეს და შეეცადნენ სხვა მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას. მინდა ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდო, რომ კრიზისულ სიტუაციაში იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან და არა საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ზურაბ გურიელიძე ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი და თავისი საქმის გულშემატკივარია, რომლისთვისაც ყველაზე მძიმე გადასატანია მომხდარი ტრაგედია.
როგორც საგანგებო შტაბის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროკურატურა მოქმედებს კანონის შესაბამისად.
„ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურა ვალდებული იყო დაეწყო მოკვლევა და ამ საქმეზე სხვადასხვა უწყება და პიროვნება იქნება დაკითხული. ამაში უჩვეულო არაფერია. პროკურატურა დაადგენს და იტყვის თავის სიტყვას, თუმცა მაღალი ალბათობით, ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა,"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის ინფორმაციით, რამდენიმე ცხოველი ჯერ კიდევ რჩება ვოლიერების მიღმა. მან მოუწოდა მოსახლეობას, მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ 112-ს.
საგანგებო შტაბის სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში მიმდინარეობს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური