საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი თბილისის მოსახლეობას მადლობას უხდის ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ ადამიანებს მადლობას უხდის.
საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მეთაურმა მოხალისეების, მაშველების, ეროვნული გვარდიის და პოლიციის როლი განსაკუთრებით აღნიშნა.
ირაკლი ღარიბაშვილმა უპრეცენდენტო მხარდაჭერისთვის ასევე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხოლო კერძო კომპანიებს - ტექნიკით, სურსათით და დაზარალებული მოსახლეობისთვის საჭირო ნივთებით უანგარო დახმარებისთვის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობას, რომელიც გაგებით მოეკიდა ჩვენს თხოვნას, მაქსიმალურად შეეზღუდა ავტომობილებით გადაადგილება. ამან ერთგვარი შვება მისცა სამუშაოების წარმოებას. ძალიან მნიშვნელოვანია, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაშიც გავიჭირვოთ და შევზღუდოთ ავტომობილებით გადაადგილება, რათა ამან ხელი არ შეუშალოს სარეაბილიტაციო სამუშოების წარმოებას. მე მჯერა ხალხის სოლიდარობის და დარწმუნებული ვარ, ისინი ამას გაითვალისწინებენ", - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა მედიას და აღნიშნა, რომ მოვლენების სწორად გაშუქება და მოსახლეობისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მთავრობას პროცესების სწორ მართვას უმარტივებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური