საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-15

ფინანსური და ექსპერტული დახმარება, სარეკონსტრუქციო პროექტები, - ეს იმ დახმარების ჩამონათვალია, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს სთავაზობენ.
დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარება გააცნო და ფინანსური დახმარების თხოვნით მიმართა. მისი განცხადებით, ტრაგედიის პირველივე დღიდან საქართველო იღებს მხარდაჭერას მეგობარი და პარტნიორი ქვეყნებისგან.
„დიდი მადლობა სოლიდარობისა და თანადგომისთვის, რომელსაც თქვენი ქვეყნების პირველი პირებისგან ვიღებთ,"-მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებს.
ელჩებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს მთავრობის კოორდინირებული და ეფექტური მუშაობა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დახმარების კონკრეტულ გეგმებს.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ მკაფიო მხარდასაჭერი გზავნილებისთვის, რომელსაც ვიღებთ ევროპელი ლიდერებისგან. ელჩებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მთავრობის ეფექტურ ძალისხმევას, რომელიც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ხორციელდება. საუბარი შეეხო კონკრეტული დახმარების გეგმებს. ამ ეტაპზე საუბარია ფინანსურ და ექსპერტულ დახმარებაზე, ასევე სარეკონსტრუქციო პროექტებზე,"-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური