საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სვანიძის ქუჩაზე იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-14


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის ზონაში იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა სვანიძის ქუჩაზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაათვალიერა, დაზარალებული მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. "მოსახლეობას სახლები აქვს დატბორილი და ვნახეთ, რომ წყალი 3 და 5 მეტრზე იყო ასული. ძალიან დიდი ზიანი მიიღეს აქ კომპანიებმა. ჩვენ მოვისმინეთ მოსახლეობის მოსაზრებები, რომ როდესაც ესტაკადა აშენდა, იქ არ იყო მთელი რიგი პირობები გათვალისწინებული. კერძოდ, წყლის ნაკადის გატარება ვერ ხერხდებოდა ისე, როგორც უნდა ყოფილიყო და ამან გარკვეულწილად განაპირობა ის რომ, მდინარის ადიდებისას, როგორც მოსახლეობა და სპეციალისტები ამბობენ, ვეღარ გაატარა იმ ნაკადის წყალი,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, ახლა მთავარია, აღდგენითი სამუშაოები სწრაფად და ხარისხიანად განხორციელდეს.
"გამოცხადებულია სრული მობილიზაცია და ჩვენ მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმარებით. საუბარია რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ზარალზე. პირველადი სამუშოებისთვის ათი მილიონი ლარი უკვე გამოვყავით და საჭირო თანხებს ეტაპობრივად გამოვყოფთ,"- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა თბილისის მერს დაავალა, მოსახლეობა სასტუმროებსა და დროებით თავშესაფარებში მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაიყვანონ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური