საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენის მადლობის წერილი მიიღო ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-12

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის მადლობის წერილი მიიღო.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი საქართველოს მტავრობის მეთაურს მადლობას უხდის იმ წვლილისთვის, რომელიც პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა შეიტანა თბილისში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის წარმატებით ორგანიზებაში.

„ჩვენთვის საპატიოა, რომ თქვენ პირადად მიიღეთ მონაწილეობა ამ შეხვედრის საკვანძო ღონისძიებებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თქვენ დადებითად აფასებთ ჩვენი ბანკის საქმიანობას საქართველოში, რაც აისახა კიდეც თქვენს გამოსვლებში მმართველი საბჭოს გახსნით სესიაზე და მმართველთა სახელით გამართული მიღების დროს.

ყოველწლიურმა შეხვედრამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, განეხილათ ეკონომიკური და საინვესტიციო საკითხები, რომლებსაც გაცვლენა აქვს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობაზე რეგიონში. განსაკუთრებით აღსანიშნავია თქვენი მკაფიო გზავნილი მასპინძელი ქვეყნის საინვესტიციო პროგნოზების სესიაზე იმის შესახებ, რომ საქართველოში შეინიშნება პიზიტიური ძვრები და ხორციელდება ფართომასშტაბიანი რეფორმები, რაც უზრუნველყოფს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შემდგომი ინვესტირებისთვის", - ნათქვამია წერილში.

EBRD-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზება უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს და გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის საქართველოს სახელმწიფო უწყებებს, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს, მოსამზადებელი მინისტრის მოადგილეებს - გიორგი თაბუაშვილს და დავით ლეჟავას, თბილისის მერ დავით ნარმანიას, ხოლო, პროექტის უზადო მენეჯმენტისა და შეხვედრის იდეალურად მომზადებისთვის - გიორგი ხანიშვილსა და თეა მირიანაშვილს.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეთა სახელით, მადლობას მოგახსენებთ თბილისში გულთბილი მიღებისა და კეთილგანწყობისათვის. მადლობა საქართველოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლობისთვის", - ნათქვამია სუმა ჩაკრაბარტის წერილში.