საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პირისპირ შეხვედრა საუდის არაბეთის პრინცთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-10

საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და საინვესტიციო პოტენციალი იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საუდის არაბეთის პრინც ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდის პირისპირ შეხვედრის მთავარი თემა.

პრემიერ-მინისტრისა და პრინცის პირისპირ შეხვედრა, რომელიც პროტოკოლით გათვალისწინებული არ ყოფილა, ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

მხარეებმა შეხვედრისას აღნიშნეს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობები ვითარდება, თუმცა პოტენციალი გაცილებით დიდია.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საელჩოს გახსნა ერ-რიადში, მეგობრულ კავშირებს კიდევ უფრო გააფართოებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას, რომელმაც 2015 წლის იანვარ-აპრილში 3,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

„ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ერთხმად აღნიშნავენ საქართველოს განსაკუთრებულ ბიზნესგარემოს, რომელიც, საუდის არაბეთთან ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიულ სიახლოვესთან ერთად, საქართველოს საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდებისა და კერძო ბიზნესებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს", - აღნიშნა პრემიერმა შეხვედრისას.

საუდის არაბეთის პრინცი, რომელიც სამეფოს დამაარსებლის და პირველი მმართველის, მეფე აბდულაზის ალ საუდის შთამომავალია, საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით იმყოფება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური