საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა ჩინეთის პარლამენტის ვიცე–სპიკერთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-08

საქართველოში, ბოლო 13 წლის განმავლობაში, ჩინეთის დელეგაციის ასეთი მაღალი დონის ვიზიტი პირველად განხორციელდა, რაც მოწმობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღმავების მზაობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ჩენგ ჩანგჭის შეხვედრაზე აღინიშნა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების სტარეტეგიულ საკითხებზე იმსჯელეს და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაქტიურდა ორმხრივი პარტნიორობა სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით; გაიზარდა ჩინური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში და ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთში.

„ჩვენს მთავრობას აქვს დიდი ინტერესი, განავითაროს ურთიერთობები ჩინეთთან. საქართველო არის პატარა ქვეყანა, მაგრამ გააჩნია დიდი შესაძლებლობები და მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა. დარწმუნებული ვარ, ერთობლივად შევძლებთ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას,"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონული და მსოფლიო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა გლობალური სტრატეგიული პროექტის "აბრეშუმის გზის" მნიშვნელობას. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გამოთქვა კმაყოფილება, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის გამო.

ჩინურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, მიიღოს მონაწილეობა 2015 წლის ოქტომბერში თბილისში დაგეგმილ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში". ჩენგ ჩანგჭის განმარტებით, ჩინეთი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობს "ახალი აბრეშუმის გზის" მშენებლობის პროცესში, საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა კი კარგ პირობებს ქმნის ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური