საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა ესტონეთის პრეზიდენტთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-03

ესტონეთი მზად არის, შეასრულოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერის როლი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, - ეს გზავნილი ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღევანდელ შეხვედრაზე გადასცა.
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ესტონეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება გაფართოებული შეხვედრის მთავარი თემები იყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტს ორი ქვეყნის განსაკუთრებული პარტნიორობის დადასტურებად განიხილავს.
პრემიერმა ტოომას ჰენდრიკ ილვესს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.
ხაზი გაესვა ესტონეთთან თანამშრომლობას ელექტრონული მმართველობის სფეროში. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ესტონეთის ექსპერტულ დახმარებას მიესალმება. დაიგეგმა ორმხრივი ვიზიტები.
შეხვედრისას ასევე განსაკუთრებით აღინიშნა ესტონეთის ჩართულობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების, ეფექტური მმართველობის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, სამეწარმეო საქმის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდას ისახავს მიზნად.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური