საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-31

ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დანაშაულთან ბრძოლა და დანაშაულის აღკვეთა ხორციელდება ჩვენი მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე; პოლიციელები მოვალეობას ასრულებენ მაღალი პროფესიონალიზმით და ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია არის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გარანტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სამართალდამცავებს პროფესიული დღე მიულოცა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ღირსეული პოლიციელების როლზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პატივი მიაგო გარდაცვლილი პოლიციელების ხსოვნას და მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის შვილს მიმართა.
„პატარა ვაჟკაცო, შენ ღირსეული მამის შვილი ხარ, მამაშენი გმირია, რომელიც გმირულად დაიღუპა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის. ქედს ვიხრი თითოეული გარდაცვლილი პოლიციელის ხსოვნის წინაშე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებისა და პირადად მისთვის თითოეული პოლიციელი განსაკუთრებით ძვირფასია.
„ვიცი, რაოდენ რთულია თქვენი საქმიანობა, მაგრამ ამავე დროს ხშირად ავიწყდებათ, მათ შორის პოლიტიკოსებს, რაოდენ მძიმე ტვირთს ატარებთ თქვენ - ეს არის 24-საათიანი მუშაობა, უძილო ღამეები.

თქვენი მთავარი საზრუნავია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის დაცვა, ჩვენი სახელმწიფოს ძლიერება. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყო და საპატიო იყო, რომ ერთი წლის განმავლობაში მქონდა ბედნიერება და პატივი, ვყოფილიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი. შემიძლია, ამაყად და თავისუფლად გითხრათ, რომ გულწრფელად ვემახურე შინაგან საქმეთა სამინისტროს. მჯერა, ჩვენს მიერ გაკეთებული თითოეული საქმე აძლიერებდა ამ სამინისტროს, მაგრამ არა ჩემი პირადი ან ჩვენი გუნდის პოლიტიკური ინტერესებისთვის, არამედ სახელმწიფოს, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ხელისუფლების ცვლილების დღიდან დღემდე სისტემის გარდაქმნის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებმაც სისტემის ტრანსფორმაცია და პოლიციელების სახელმწიფო სამსახურში ჩაყენება განაპირობა.

მთავრობის მეთაურმა ასევე განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა ხელისუფლების უმთავრესი პრინციპები - სამართლიანობა, კანონიერება და ჰუმანურობა.
„უმთავრესია, პოლიციელი სამართლიანად ემსახუროს საკუთარ საქმეს, იყოს პირნათელი საკუთარი სამშობლოს, მოქალაქეების წინაშე, უსამართლოდ არ დასაჯოს არც ერთი მოქალაქე. ამავე დროს, როგორც მთავარმა კანონის დამცველმა, არ დაარღვიოს კანონი, ამის საშუალება არ მისცეს არც ერთ მოქალაქეს და კანონდარღვევის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, მოახდინოს მკაცრი რეაგირება. ამავე დროს, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ყველაზე მთავარი - ადამიანობა, ჰუმანური მოპყრობა ჩვენი მოქალაქეებისადმი. ამ სამ ძირითად პრინციპზე დავაშენეთ პოლიტიკა, რომლითაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ეს პოლიტიკა დაიწყო ჩემი მინისტრობის დროს და დღესაც წარმატებით გრძელდება ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა სიმბოლური უწოდა პოლიციელის დღის თარიღს, რადგან პირველი რესპუბლიკის მთავრობის პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი მაისში დაინიშნა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი მინისტრი, ნოე რამიშვილი გაიხსენა, და აღნიშნა, რომ იგი იყო ღირსეული სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც აძლიერებდა ქვეყანას.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენი პოლიტიკა ერთი ოჯახის პრინციპს ეფუძნებოდა. ჩემი მინისტრობისას ჩვენ შევძელით და რამდენიმე ნაწილად, შიდა ჯგუფებად და კლანებად დაშლილი სამინისტრო გავაერთიანეთ. უმთავრესია, სისტემა იყოს ერთიანი, ძლიერი და გამართული. ჩვენ არ უნდა დავუშვათ პირადი მოტივებისა და ინტერესების გამო სისტემის დასუსტება. ამავდროულად, სისტემას სჭირდება ძლიერი ლიდერი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის მას", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესზე ისაუბრა და პოლიციელებს, რომლებსაც რეფორმასთან დაკავშირებით კითვები აქვთ, მიმართა, რომ ხელისუფლება არაფერს გააკეთებს ისეთს, რითაც ქვეყანას დაასუსტებს.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც განხორციელდა და აღნიშნა, რომ შემუშავებულია ახალი კანონი „პოლიციის შესახებ", მოწესრიგდა საკანონმდებლო ბაზა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ნარკოტიკული დანაშაული, ოჯახში ძალადობა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხების რეგულირება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა.

„ჩვენ დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადეთ ორგანიზებულ დანაშაულს; განსაკუთრებულად გავაძლიერეთ საქმიანობა დანაშაულის პრევენციული ღონისძიებების შემუშავებისა და იმპლემენტაციის კუთხით. განსაკუთრებული მასშტაბები შევძინეთ ნარკოდანაშაულთან ბრძოლას. ჩვენმა აგრესიულმა ნარკოპოლიტიკამ უკვე გამოიღო შედეგები და უნდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს ყველაზე საშიში ნარკოტიკის მოხმარებამ 90 პროცენტით იკლო, რაც თქვენი და ალექსანდრე ჭიკაიძის დამსახურებაა. მადლობა მას გაწეული სამსახურისთვის. პირველად, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, პოლიციამ აქტიური და ქმედითი ნაბიჯები გადადგა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთელი პირადი შემადგენლობა, ჩვენი პოლიციელები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად შემცირდეს დანაშაული და სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს უკვე სახეზე გვაქვს რეალური შედეგები", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მოქალაქეთა მომსახურების მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაიხვეწა მომსახურების სააგენტო და მისი სერვისები; განვითარდა საგანგებო სიტუაციების მართვის სფერო და ნოვაციები დაინერგა 112-ის სამსახურში; დაინერგა პერსონალური მონაცემების დაცვის ახალი, საიმედო სტანდარტი; დაიწყო რეფორმები სახელმწიფო საზღვრის მართვის სისტემის მოდერნიზაციისთვის; შეიქმნა მიგრაციის მართვის თანამედროვე სამსახური და აშენდა არალეგალ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრი, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონი პოლიციელთა სოციალური დაცვის გაუმჯობესების შესახებ, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო და რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის ოჯახისთვის ერთჯერადად 100 000 ლარის ოდენობის და ყოველთვიურად 1000-ლარიან კომპენსაციას ითვალისწინებს.
მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის როლს ქართული პოლიციის განვითარებაში და სტრატეგიულ პარტნიორებს - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს აქტიური მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებით მიესალმა პოლიციელებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, ბელარუსიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან, რომლებიც პოლიციელის დღის აღსანიშნავად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდნენ.

„მართალია, თქვენ ქართველი პოლიციელებისგან განსხვავებული ფორმები გაცვიათ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ თქვენ საერთო იდეალებს ემსახურებით და საერთო მისწრაფებები გაქვთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს. მინდა იცოდეთ, რომ მე, როგორც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ამჟამად მთავრობის მეთაური, ყოველთვის ვიდგები თქვენ გვერდით და ვიქნები თქვენი ინტერესების დამცველი. გისურვებთ ყველას მშვიდობას. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად, ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით წინ უნდა ვასწრებდეთ კრიმინალს და ყველა იმ ბოროტმოქმედს, რომელიც ებრძვის ჩვენს სახელმწიფოს, არღვევს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას. გისურვებთ, ღირსეულად გეტარებინოთ ქართველი პოლიციელის საპატიო სახელი და გაგემართლებინოთ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ნდობა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა პოლიციელებს.

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას ქუთაისში, საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური