საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიმართ ყურადღება გაათმაგებულია ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-29

ჩვენი მთავრობის პირობებში ხელნაწერთა ცენტრის მიმართ ინტერესი და ყურადღება გაზრდილია ისე, როგორც არასოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის დავალებით, ცენტრის ფონდებში არსებულ ვითარებას სახელმწიფო კომისია შეისწავლის, რამდენიმე კვირაში ხელფასების ზრდის პროცესი დაიწყება, ასევე, აშენდება ახალი შენობა, რომლის პროექტირება წლის ბოლომდე დასრულდება.
ცენტრში განვითარებული მოვლენები პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ ხელოვნურად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ საკითხის პოლიტიზება დაუშვებელია. „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე უწყების კუთვნილება, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უდიდესი საგანძური. იქ ინახება მსოფლიო მნიშვნელობის ხელნაწერები, რომლებიც ძალიან ძვირფასია თითოეული ჩვენგანისთვის. წლების განმავლობაში, მთავრობები ცენტრს ყურადღებას არ აქცევდნენ და ახლა აღმოჩნდა ის ყველასთვის მნიშვნელოვანი, მათ შორის ჩვენი ოპონენტებისთვის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ ფარისევლობაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ცენტრის ახალი დირექტორი, ზაზა აბაშიძე, დაკისრებულ მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევს.
მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის არჩევის წესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ცენტრს, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეფექტური მმართველი სჭირდება, რომლის დანიშვნაში სახელმწიფოს მონაწილეობა აუცილებელია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური