საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერის ხელმძღვანელობით 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-19

26 მაისის საზეიმო ღონისძიება 12 საათზე თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნება,-ამის შესახებ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. კომისიის წევრებმა საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიების პროგრამა დაამტკიცეს.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 26 მაისს სახალხო ზეიმი გაიმართება.
„თორმეტ საათზე დაიწყება ღონისძიება საზეიმო თეატრალიზებული მსვლელობით, პირველ საათზე ფიცის დადება გაიმართება თავისუფლების მოედანზე, გვექნება ავიაშოუს ელემენტები. მთელი დღის განმავლობაში, საღამოს 8 საათამდე რუსთაველის გამზირი დაეთმობა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მოწყობილ კუთხეებს. გველოდება ბევრი სანახაობა. გუდაურის განვითარების ფონდი ხელოვნური გათოვლიანების კუთხეს მოაწყობს, სადაც იქნება საგუნდაო და საციგურაო ადგილები. ასევე, მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ჩატარდება კონკურსები, შეჯიბრებები, გაიმართება მხიარული სტარტები და სხვადასხვა ტიპის კონცერტები. 26 მაისს იქნება ყველაფერი ის, რაც ამ დღეს დაამახსოვრებს მოსახლეობას და შეუქმნის მათ საზეიმო განწყობას,"-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.