საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ავსტრია-საქართველოს ბიზნესფორუმი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-19

საქართველო გთავაზობთ ინვესტირებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა უძრავი ქონება, ენერგეტიკა, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურა, აგრეთვე სოფლის მეურნეობა/მეტყევეობა და ტურიზმი, -ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრია-საქართველოს ბიზნესფორუმის მონაწილეებს.
მისი განცხადებით, ავსტრია წარმატებით იყენებს საქართველოს მიერ შეთავაზებულ პირობებს და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
"დღევანდელი ბიზნესფორუმი არის დადასტურება საქართველოსა და ავსტრიის განსაკუთრებული ურთიერთობების. ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის გამოხატულებაა, განსაკუთრებით რიგის სამიტის წინ. ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროპისკენ,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი- ის არის დამაკავშირებელი ხიდი, ჰაბი ევროპასა და აზიას შორის.
"ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ ბიზნესგარემოს. სასამართლო ხელისუფლების განმტკიცების და დამოუკიდებლობის მიმართულებით არაერთი ეფექტური ნაბიჯი გადავდგით და ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასამართლო დღეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი მთავრობისგან და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ჩვენი ხელისუფლების. ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ ბევრ წარმატებას მივაღწიეთ სოფლის მეურნეობის განვითარების, გარემოს და ბუნებრივი რესურსების უკეთ გამოყენების, ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებებით,"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბიზნესფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ავსტრიის პრეზიდენტმა ჰაინც ფიშერმა. მისი განცხადებით, დღეს საქართველოში მიმდინარეობს საინტერესო პროცესები და ქვეყანას აქვს შესაძლებლობა გააქტიუროს ურთიერთობა, როგორც ევროკავშირთან, ისე ავსტრიასთან ორმხრივ ფორმატში.
"ავსტრია არის მნიშვნელოვანი ჰაბი, ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიო ბაზარზე ბევრი მიმართულებით, ამიტომ ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობის გააქტიურება მეტ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას,"- აღნიშნა ჰაინც ფიშერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური