საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო პროგრამის პირველი ეტაპი შეაჯამა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-18

„ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" არის საკმაოდ წარმატებული პროექტი, რომელიც მიმართულია რეგიონის პოტენციალის გამოვლენისა და რეგიონების განვითარებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს აჭარის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციის შემდეგ, სამთავრობო პროგრამის პირველი ეტაპის შეჯამებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს იყო საინტერესო ფორმატი, რომელსაც უკვე მოჰყვა კონკრეტული შედეგები.
„ვფიქრობ, ფორმატი, რომელიც შევთავაზეთ საზოაგდოებას და ბიზნესმენებს, არის საკმაოდ ნაყოფიერი, იქიდან გამომდინარე, რომ ვისმენთ მათ იდეებს და მთავრობა მაქსიმალურად იზიარებს მათ შემოთავაზებებს. ფოკუსირებულად დაიწყო რეგიონების განვითარებაზე მუშაობა, რასაც უკვე მოჰყვა შედეგები და მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები რამდენიმე საწარმოს განვითარებაზე. ვფიქრობ, ეს ფორმატი უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ სამუშაო რეჟიმში აქტიურად იქნებიან ჩართული სამინისტროების წარმომადგენლები და გუბერნატორები, რათა კონკრეტული პროექტების განხორციელება დაჩქარდეს.
სამთავრობო პროგრამის წარდგენის პირველი ეტაპი აჭარით დასრულდა. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აჭარის უზარმაზარ პოტენციალს და მისი სრულად ათვისების აუცილებლობაზე ისაუბრა.
საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონის განვითარებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანის ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისი სომეხი კოლეგა ბათუმში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და საუბრის მთავარი თემები ორი ქვეყნის თანამშრომლობა და ეკონომიკური საკითხები იყო.
„ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ჩვენს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას. საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს რეგიონში. ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთობები რეგიონში ყველა ქვეყანასთან - თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომეხ კოლეგას ბათუმში გუშინ უმასპინძლა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური