საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

გურიის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-17

სოფლის მეურნეობა, წარმოების განვითარება და ტურიზმი, - გურიის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი, პროექტის ,,ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ოზურგეთში შეკრებილ ბიზნესმენებს წარუდგინა.

გურიას აქვს კარგი რესურსი მეფრინველეობისა და მებოცვრეობის განვითარებისთვის, რძის, ხორცის, ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელი წარმოებისთვის, მეფუტკრეობისთვის, თხილის, კაკლისა და წაბლის მოყვანა-გადამუშავებისთვის, მეთევზეობისთვის, მარცვლოვანი და ბაღჩეული კულტურების, ჩაის, ციტრუსოვანი და კენკროვანი კულტურების, მათ შორის ლურჯი მოცვის მოყვანა-გადამუშავებისთვის; არის კარგი საფუძველი სამაცივრე და სანერგე მეურნეობების განვითარებისთვის.

„ამ მიმართულებების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენმა მთავრობამ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას და ამით 900 მილიონიან ბაზარზე გასვლის რეალური პერპექტივა ჩვენს მეწარმეებს და ბიზნესმენებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა გურიაში ტურიზმის განვითარების პერსპექტივაზე და განაცხადა, რომ ამ მხრივ რეგიონს შთამბეჭდავი პოტენციალი აქვს.

„შავი ზღვისპირეთში მდებარე კურორტები - ურეკი, შეკვეთილი და გრიგოლეთი, ხოლო მაღალმთიან ალპურ ზონაში - ბახმარო და გომისმთა მართლაც უნიკალური რესურსია და აქ შესაძლებელია როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ტურიზმის განვითარება. თქვენ იცით ურეკის უმდიდრესი ბუნებრივი რესურსის - სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშის შესახებ და კარგად მოგეხსენებათ, რამხელა პერსპექტივა აქვს ამ კურორტს. მინდა, ორიოდე სიტყვით გითხრათ გომისმთაზე, რადგან ამ კურორტის უნიკალური რესურსი დღესაც აუთვისებელია. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 2 250 მეტრზე. აქ შეზავებულია ზღვისა და მთის ჰაერი, არის მინერალური წყლები. მისი განუმეორებელი ბუნება და ჭინჭაოს ტბა დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. გომის მთა უხვთოვლიანია და სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებისთვის იდეალური რელიეფი აქვს. ჩვენი მიზანი ინვესტორების დაინტერესებაა. მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა გომის მთის ზამთრის კურორტად ჩამოყალიბების მიზნით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ ის, ურეკთან ერთად, ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის ყველაზე საინტერესო ადგილი იქნება.

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს რეგიონში საინტერესო პროექტების განხორციელებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათ მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების სრული მხარდაჭერა ექნებათ.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია გურიაში განხორციელებული პროექტების შესახებ. 

რეგიონებში განხორციელებული პროექტების შესახებ ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=418