საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ოფიციალური მიღება პრემიერ-მინისტრის სახელით ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-14

3 4

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს, სუმა ჩაკრაბარტის და EBRD-ის ყოველწლიური 24-ე შეხვედრის მონაწილეებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა.
მთავრობის მეთაურმა EBRD-ის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოს წინსვლისა და მიღწევების აღიარებისთვის და აღნიშნა, რომ მათი მასპინძლობა თბილისში დიდი პატივია.
„ბოლო წლებში საქართველოს ბაზარი იქცა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და ხელსაყრელ ადგილად ინვესტიციებისა და ბიზნესსაქმიანობის განხორციელების კუთხით. მიუხედავად ნეგატიური გლობალური და რეგიონალური ტენდენციებისა, 2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობამ 35 პროცენტით გადააჭარბა 2013 წლის მონაცემებს. თავისი ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკით, დაბალი გადასახადებით, ბიზნესზე ორიენტირებული მარეგულირებელი გარემოთი და ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობით, საქართველო სთავაზობს მთელ რიგ საინტერესო საინვესტიციო შესაძლებლობებს. ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია გონივრული რეგულაციები, რომლებიც კიდევ უფრო განამტკიცებს ქვეყნის, როგორც საქმიანი ცენტრისა და საკვანძო ენერგეტიკული დერეფნის, როლს, რომელიც განლაგებულია ახალ აბრეშუმის გზაზე და აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ინიციატივებზე, რომლებიც ხელისუფლებამ მეტი უცხოური ინვესტიციის მოსაზიდად წამოიწყო და საქართველოს პოტენციალზე ენერგეტიკის, ტურიზმის, საფინანსო სექტორის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
„ვფიქრობ,საქართველო თქვენზე შთაბეჭდილებას მოახდენს, არამარტო როგორც ბიზნესსაქმიანობისთვის ხელსაყრელი ცენტრი, არამედ როგორც დიდი კულტურის მქონე ქვეყანა. იმედი მაქვს, საქართველოს ბუნებასთან, კულტურასთან, სამზარეულოსა და მრავალეროვან ქალაქებთან დაკავშირებული მოგონებები კიდევ დიდხანს გაგყვებათ", - მიმართა პრემიერმა სტუმრებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა „ოქროს სპონსორ" „თიბისი ბანკს", რომელმაც, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეთა სახელით, საქართველოს სოლიდარობის ფონდში 20 000 ლარის ოდენობის შემოწირულობა შეიტანა.
მთავრობის მეთაურმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ფონდი მძიმე სენით დაავადებულ 22 წლამდე ბავშვებს ეხმარება და უკვე 97 ბავშვის გადარჩენა მოხერხდა.
პრემიერ-მინისტრმა სტუმრებს ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ნაყოფიერი მუშაობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო, ხალხის სტუმართმოყვარეობა და ქვეყანაში არსებული შესაძლებლობები მათ კვლავ დაბრუნების სურვილს გაუჩენს.
სპეციალურად დღევანდელი საღამოსთვის, მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამის ფარგლებში, სტუმრების წინაშე წარდგნენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები, მათ შორის - მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე, ნინო ქათამაძე, ანსამბლი „შვიდკაცა", ანსამბლი „რუსთავი".

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური