საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა EBRD-ის მმართველთა საბჭოს გახსნითი სესიის მონაწილეებს მიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-14

2   3

საქართველო მოწინავე ქვეყანაა გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის თვალსაზრისით, სწორედ ამიტომ, იგი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის წარმოებისთვის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის მმართველთა საბჭოს გახსნითი სესიის მონაწილეებს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება განსაკუთრებულად აფასებს თანამშრომლობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რომლის შედეგად, გასულ წელს ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციები პრაქტიკულად გაორმაგდა და 200 მილიონ ევროს გადააჭარბა.
„საქართველომ დიდი გზა გაიარა საბაზრო ეკონომიკის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპების მეტად დამკვიდრებისა და განმტკიცების გზაზე, - სწორედ იმ ძირეული ღირებულებების დამკვიდრების გზაზე, რომლებიც მთავარია ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის", - განაცხადა პრემიერმა და ისაუბრა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ, რაც ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
მთავრობის მეთაური სიტყვით გამოსვლისას რეგიონში შექმნილ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებას შეეხო, რომელმაც ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოში შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებულია ბიზნესგარემო, როგორც საკუთრების უფლების დაცვის, ისე საგადასახადო ტვირთის კიდევ უფრო შემსუბუქებისა და საგადასახადო კანონმდებლობის ოპტიმიზაციის მიმართულებით.
„საქართველო არის სრულიად ღია ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საგადასახადო სისტემითა და დაბალი გადასახადებით. ჩვენ სულ ექვსი ტიპის გადასახადი გვაქვს; საერთოდ არ გვაქვს სოციალური გადასახადი; ჩვენ გავაუქმეთ იმპორტის გადასახადი საქონლის თითქმის 85 პროცენტზე, ხოლო დანარჩენზე გვაქვს 5 ან 12-პროცენტიანი განაკვეთი; ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი საგადასახადო და საბაჟო პროცედურები და ასე შემდეგ", - განაცხადა პრემიერმა და დაასახელა წამყვანი საერთაშორისო რეიტინგები, რომლებშიც საქართველოს წამყვანი პოზიციები უკავია:
- მსოფლიო ბანკის შეფასებით ბიზნესის კეთების რეიტინგში მსოფლიოში მე-15 ადგილი, ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში - მე-8 ადგილი;

- TRACE Matrix-ის ინდექსის მიხედვით, კორუფციის სიმცირის რეიტინგში საქართველო მე-11 ადგილზეა 197 ქვეყანას შორის და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ნორვეგია, ჰოლანდია, საფრანგეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია.

- ღია მმართველობის 2015 წლის ინდექსის თანახმად, საქართველო 29-ე ადგილზეა მსოფლიოში და ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის.

- ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის Heritage Foundation-ის რეიტინგის მიხედვით - მსოფლიოში 22-ე ადგილი.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო ინვესტორებს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ხარისხიან, გამჭვირვალე და პროგნოზირებად კანონებს, ჯანსაღ საარბიტრაციო პროცედურებს, სანდო სასამართლო და სანოტარო სისტემებს, სასამართლო განჩინებათა სწრაფ და ეფექტურ აღსრულებას, საჯარო მონაცემთა ხელმისაწვდომობას და ინფორმაციის ღიაობას, და ხელმისაწვდომ, სწრაფ და გამჭვირვალე საჯარო მომსახურებას სთავაზობს.

„გონივრული, მინიმალური და მიზანდასახული რეგულაციების დაწესებამ ქვეყანა აქცია ჯანსაღი ბიზნესის კეთებისა და წარმოების ჰაბად. წინასწარი გათვლებით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2014 წელს საქართველოში 1 მილიარდ 272 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 35 პროცენტით მეტია წინა, 2013 წლის მაჩვენებელზე. საქართველო თავისი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობით სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება როგორც ენერგეტიკული და სატრანზიტო ჰაბი ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის. ამასთან მიგვაჩნია, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არ უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ ტრანზიტისთვის. საქართველოს აქვს რესურსი, იყოს რეგიონალური ჰაბი. აქ შექმნილია სათანადო გარემო საერთაშორისო კომპანიების განთავსებისა და რეგიონალური საფინანსო ცენტრის ჩამოყალიბებისთვის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მაღალ ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალზე, წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სფეროს პერსპექტივებსა და ტურისტული ბიზნესის განვითარებაზე.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქვეყნის განვითარების საპასუხისმგებლო ეტაპზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისეთ სანდო და ძლიერ პარტნიორთან თანამშრომლობა, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა EBRD-ის წარმომადგენლებს საქართველოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ბანკის დაფინანსება 2 მილიარდ 600 მილიონი ევროა 170-ზე მეტი პროექტის ფარგლებში, საიდანაც დაფინანსების 83 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.

მთავრობის მეთაურმა რამდენიმე მსხვილი პროექტი დაასახელა, რომელიც ბოლო პერიოდში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა. ბანკის მონაწილეობა შეადგენს:

- შუახევის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების პროექტში - 86.5 მილიონ დოლარს; პროექტს განახორციელებს გიგანტი ,,TATA ჯგუფის" შვილობილი „TATA POWER-ი"(Tata Power);

- შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტში - 80 მილიონ ევროს;

- ,,ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯიას" პროექტებში - 65 მილიონ დოლარს;
- ჯვარი-ხორგის გადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტში - 47 მილიონ ევროს.
- ,,რედიქსის" სასტუმროს მშენებლობისა და ოპერირების პროექტში - 18 მილიონ დოლარზე მეტი.

განხორციელებული პროექტებიდან პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა ნოვატორული პროექტი, რომელიც ბანკის მიერ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებას გულისხმობს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყოველივე ამის საშუალებით საფინანსო ინსტიტუტებს ეძლევათ შესაძლებლობა, გასცენ სესხები ლარში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის ლარიზაციასა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას.
EBRD-ის მმართველთა საბჭოს სესიის გახსნამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, EBRD-ის პრეზიდენტმა, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა მდივანმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური