საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-13

საქართველო-იტალიის ურთიერთობების საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრ პიერ კარლო პადოანის შეხვედრაზე.
მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. იტალიური კომპანიების მხრიდან არსებობს განსაკუთრებული ინტერესი სოფლის მეურნეობის სექტორისადმი, ასევე ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
„იტალიური ინვესტიცია წარმოადგენს უმსხვილეს ინვესტიციას საქართველოში. მოხარული ვარ, რომ იტალიური კომპანიები ახორციელებენ არაერთ წარმატებულ პროექტს, მათ შორის არის „ფერერო როშერი",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და გამოითქვა კმაყოფილება ბოლო პერიოდში იტალიელ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის გამო.
მხარეებმა ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოსთან მომავალი ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებზე იმსჯელეს და განიხილეს პერსპექტივები, რომლებიც აქტუალურია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან ინტეგრაციისთვის.
შეხვედრას ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური